კოსმოსური მისია მარსზე

NASA-ს როვერი "შეუპოვრობა" წარმატებით დაეშვა მარსის ზედაპირზე [PHOTOS]

NASA-ს როვერი შეუპოვრობა (Perseverance) ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა. NASA-ს კოსმოსურმა მისიამ დედამიწა ივლისში დატოვა.

"მარსზე უსაფრთხოდ ვარ. შეუპოვრობით ყველაფერს მიაღწევ". – წერია NASA როვერის ოფიციალურ Twitter-ანგარიშზე.

როვერი ჯეზეროს კრატერში დაეშვა. კრატერი 3,9 მილიარდი წლის წინ ტბა იყო. მისიის ფარგლებში შეუპოვრობის მიზანია, მარსზე მიკრობული სიცოცხლის ნაშთები ეძებოს. გარდა ამისა, როვერი მოაგროვებს ქვებისა და მიწის ნიმუშებს, რომლებიც მეცნიერებისთვის საინტერესო იქნება და მათ მარსზე მომავალი მისიებისთვის წამოსაღებად დატოვებს. ასევე, შეუპოვრობა აღჭურვილია სპეციალური დანადგარით, MOXIE, რომლის საშუალებითაც შეუპოვრობამ ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს - სცადოს და მარსის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნას.

მარსზე მისიის ფარგლებში შეუპოვრობასთან ერთად გაიგზავნა შვეულმფრენი გამჭრიახობა (Ingenuity). ის პირველი საფრენი აპარატი იქნება, რომელიც მარსის ატმოსფეროში იფრენს.

შეუპოვრობა მარსზე NASA-ს მეხუთე როვერია. მისიის მომზადებას თითქმის ათი წელი დასჭირდა.

როვერმა თავისი ახალი "სახლის" პირველი სურათები უკვე გამოგზავნა. ისინი NASA-მ Twitter-ზე გამოაქვეყნა. 

პლანეტის ზედაპირზე დაშვებისთვის შეუპოვრობამ  "საზარელ 7 წუთის" გაუძლო, სწორედ ეს დროა საჭირო მარსის ორბიტიდან მის ზედაპირამდე დასაშვებად. წითელი პლანეტიდან დედამიწამდე რადიოსიგნალის გადაცემას 11 წუთი სჭირდება, შესაბამისად, ხომალდს დაშვებისას NASA ვერაფრით დაეხმარება. შეუპოვრობის მისიის ხანგრძლივობა ორი წელია.

როვერი აღჭურვილია 23 კამერით, კამერებს მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის გადაღება შეუძლიათ. ყველა ფოტო, რომელსაც შეუპოვრობა გადაიღებს, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. როვერს ასევე აქვს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც პირველად შევძლებთ მარსის "მოსმენას".

2021 წლის თებერვალში მარსს სამმა კოსმოსურმა მისიამ მიაღწია. არაბთა გაერთიანებული საამიროების მისია ალ-ამალი პირველია მათ შორის, მარსის ორბიტას მან 9 თებერვალს მიაღწია, ხოლო 10 თებერვალს მარსის ორბიტაზე ჩინური მისია Tianwen 1 გავიდა.

სამივე კოსმოსური მისია 2020 წლის ივლისში გაუშვეს. მათი ერთ პერიოდში გაშვება განპირობებული იყო ამ დროს მარსისა და დედამიწის სიახლოვით - მოვლენით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება. პლანეტების დაახლოება მარსამდე ჩასვლის დროს ამცირებს.

კომენტარები