ციანიდის საქმე

თორნიკე მამალაძე: გოგაშვილი ვერსიებში აირია, ირიბად ადასტურებს, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა

ტვ. პირველი

"ეს ადამიანი ირიბად ადასტურებს, რომ ჩემი ძმა არის უდანაშაულო, უბრალოდ თავის ვერსიებში არის არეული, რადგან არის შეშინებული და ცდილობს თავის გადარჩენას".- ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება.   

"ხან იძახდა რომ პროვოკაცია უნდა მოეწყო ჩემს ძმას და ციანიდი უნდა მოეყარა და შორენა თეთრუაშვილს უნდა შეეტანა საჭმელიო. ხან სხვა ვერსიებს ამბობდა, ხან პატრიარქზე მიანიშნებდა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი არის არეული თავის ვერსიებში. ისიც დაადასტურა, რომ ციანიდის ამოღების კადრები და ვისგან შეისყიდა არ არსებობსო.."- ამბობს თორნიკე მამალაძე ტელეკომპანია პირველთან.

გოგაშვილი ინტერვიუში ყვება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესა და პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს ილია მეორის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი "სამიზნედ ჰყავდათ".   

სოსო გოგაშვილის ვერსიით, მათ შორენა თეთრუაშვილის ციხეში გაშვება "პატრიარქის მკვლელის იარლიყით" სურდათ, ამისთვის კი, მისივე თქმით, პატრიარქისთვის განკუთვნილ საჭმელზე, რომელიც მისთვის თეთრუაშვილს უნდა შეეტანა, ციანიდის მოყრა გადაწყვიტეს. 


დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ზის. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.  

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო და, ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები