ციანიდის საქმე

დეკანოზ მამალაძის ძმა: მამათმავალი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთი ეპისკოპოსი სიკვდილით დაემუქრა, თუ იმას იტყვის, რაც მისმა ძმამ იცის. მისივე თქმით, შვილების სიცოხლით ემუქრებიან, რის გამოც დეკანოზისა და საკუთარი შვილების საზღვარგარეთ გაშვებას გეგმავს. 

"ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი რო რაც ჩემმა ძმამ მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ) რომელმაც დამემუქრა და მითხრა რო მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რო მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ეხლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში რაც საპატრიარქოში ხდება. მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!"-წერს თორნიკე მამალაძე.    

მას შემდეგ, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თორნიკე მამალაძემ მის ხელთ არსებულ წერილებზე დაიწყო საუბარი, რომლებსაც, მისი თქმით, დეკანოზი უგზავნიდა. როგორც ის ამბობს, წერილებში დეტალურად იყო გადმოცემული ის ინფორმაცია, რასაც გიორგი მამალაძე ფლობს.

"ჩემი ძმის ამ მდგომარეობას ვაკისრებ საქართველოს საპატრიარქოს და თავის ხელმძღვანელობას, რადგან თვითონ ფიქრობენ, რომ ჩემი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, ის ინფორმაციები, რასაც ჩემი ძმა ფლობს, მასთან ერთად მოკვდება. ძალიან ცდებიან. ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ილოცონ, რომ ჩემი ძმა სიკვდილს გადაურჩეს, რადგანაც, თუკი რაიმე მოუვა, მეორე დღესვე ნათელი მოეფინება ყველაფერს",-ამბობდა თორნიკე მამალაძე თებერვალში. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.  თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები