ციანიდის საქმე

დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს, 5 მარტს იმსჯელებს

რადიო ფორტუნა

დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში 11:00 საათზე გაიმართება. 

ის, რომ პროცესი საჯარო არ იქნება და დახურულ დაწესებულებაში გაიმართება, დეკანოზის ოჯახის წევრების უკმაყოფილებას იწვევს.

დეკანოზისათვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადვოკატებმა მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიმართეს. ოჯახის წევრების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ითხოვენ, რომ დეკანოზს მიეცეს მკურნალობის საშუალება და შემდეგ გააგრძელოს სასჯელის მოხდა. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 

2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

2019 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით წმიდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა.

კომენტარები