ბელარუსი

ლუკაშენკომ 2 700-კაციანი ასამბლეა მოაწყო, რასაც ოპოზიცია ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებად აფასებს

ალექსნადრ ლუკაშენკომ მოაწყო ბელარუსის "სახალხო ასამბლეა", სადაც მოიწვია 2 700 ადამიანი, რათა პოლიტიკური რეფორმები განეხილათ. ოპოზიციის შეფასებით, ეს ლუკაშენკოს მიერ ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭების მცდელობაა. 

ლუკაშენკოს თქმით, ასამბლეაზე შეიძლება განიხილონ საკონსტიტუციო რეფორმების გეგმები. ამასთან ერთად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ, შესაძლოა, პოლიტპატიმრებისთვის ამნისტიაც გამოაცხადონ. 

ღონისძინება ორდღიანია. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამას პროტესტი მოჰყვეს. 

"ლუკაშენკომ შეკრიბა თავისი ერთგული პირები ბელარუსის ე.წ. სახალხო კრებაზე, რათა ხალხის თვალში უზურპატორი დააკანონოს. ლუკაშენკოს ესმის, რომ მან ხალხის მხარდაჭერა დაკარგა და ძალაუფლებას ყველა შესაძლო გზით ებღაუჭება". - თქვა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველმა, ფრანაკ ვიაკორკამ.

დელეგატების უმეტესობა მთავრობის მომხრე პირი, მაღალჩინოსანია

"ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება არსად წასულა". - თქვა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, არტიომ შრაიბმანმა.

ადგილობრივი დამოუკიდებელი ინტერნეტპორტალის TUT.BY-ს ჟურნალისტი, რომელმაც სცადა ამ შეხვედრაზე დასწრება, სამი დღით დააკავეს. 

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები