სექსუალური ძალადობა

ომბუდსმენი 14 წლის გოგოს საქმეზე: სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობის საკითხს შევისწავლით

სახალხო დამცველი

ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის - შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირების გამო.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს. 

მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს". - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის ერთ-ერთი საფუძველი მტკიცებულებების არარსებობა გახდა, რაც, ომბუდსმენის ცნობით, დანაშაულის გამოძიების დაგვიანებისა და არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობის გამო მოხდა.

"2018-2019 წლებში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას. ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას ართულებს სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, მათი სამუშაო პირობები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა". - წერს ომბუდსმენი.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანთან შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას, თუმცა სახელმწიფოს მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული, რა შემთხვევებში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგი. 

"აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამომძიებელი და პროკურორი იღებენ, რომლებსაც უშუალოდ სექსუალური ძალადობის თემაზე სათანადო და პერიოდულ გადამზადება არ აქვთ გავლილი, რაც არსებითად უშლის ხელს ამ სპეციფიკის საქმეებში არსებულ რისკის სათანადო შეფასებას" - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებში საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია. 

"გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის დროულ შეტყობინებასა და დაზარალებულისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას. შემთხვევების დროული გამოვლენის და რეფერირების პროცედურის განსახორციელებლად განსაკუთრებული როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ". - ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

ნინო ლომჯარას შეფასებით, პრობლემის სიმწვავისა და სისტემური ხასიათის მიუხედავად,  სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას. მისივე ცნობით, სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არსებულ საჭიროებას, ასევე, სახელმწიფო სერვისები ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და მისი ოჯახის რეაბილიტაციას და ვერ ქმნის მათ ეფექტიან მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს. 


14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც 10 თებერვალს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა საკუთარ სახლში თავი მოიკლა. 

მოზარდი გარდაცვლილი პირველად ბაბუამ ნახა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ მის შვილიშვილზე ორჯერ იძალადეს — თავდაპირველად, 2020 წლის ზაფხულში, შემდეგ კი აქედან 6 თვეში, 2020 წლის დეკემბერში. კაცი ამბობს, რომ განმეორებითი ძალადობის შემდეგ პოლიციაში დარეკეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ექსპერტიზის მეორე ცნობა მათთან არ მისულა, რამაც, მისივე თქმით, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. 

კომენტარები