ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმე

საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრისთვის ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეს ექსტრადიცია ემუქრება

საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეს, ალექსანდრ ბანდიუკოვს ექსტრადირება ემუქრება. 27 იანვარს, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსი მოუხსნა, რომელიც მას ექსტრადიციისგან იცავდა.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ალექსანდრ ბანდიუკოვი ჰყვება, რომ რუსეთის ფედერაციაში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დიდი ოდენობით ქრთამის ბრალდებით. ბანდიუკოვის თქმით, მას შემდეგ, რაც ეს ფალსიფიცირებული საქმე ჩამოიშალა, მას კიდევ ერთი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალი წაუყენეს. მისი თქმით, ორივე "შეკერილი" საქმე მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.

"პირველ რიგში, მე ერთადერთი ადამიანი ვარ ქალაქ იუჟნოსახალინსკის ადმინისტრაციაში, რომელიც [მმართველი პარტია] "ერთიანი რუსეთის" წევრი არ ვიყავი. ის, როგორც მე ვაწარმოებდი მუნიციპალურ პოლიტიკას, ფუმანდენტურად განსხვავდებოდა მერიის ხელმძღვანელობის, სამართალდამცველი ორგანოებისგან. ჩვენ არ ვიყავით ვქურდობდით, არ ვიღებდით ქრთამს, არ ვთაღლითობდით. რუსეთის "ეფესბე" [უშიშროების ფედერალური სამსახური] ცდილობდა ჩემს გადაბირებას, ჩემი ახლობლის საშუალებით, მე კი უარი ვუთხარი. ეს [დევნის დაწყება] იყო შურისძიება". – ამბობს ბანდიუკოვი.

ბანდიუკოვის თქმით, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ რუსეთში ის საკუთარი უფლებების დაცვას ვერ შეძლებდა, პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად ჩამოვიდა საქართველოში. თუმცა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თითქმის ერთი წელი საექსტრადიციო პატიმრობაში გაატარა და ამ პერიოდში ჩაუტარდა 3 ოპერაცია, რის შემდეგაც მიიღო 1- წლიანი ჰუმანიტარული სტატუსი, თუმცა ეს სტატუსი მას 27 იანვარს შეუწყდა. ბანდიუკოვის თქმით, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში მას გარდაუვალი სიკვდილი ელოდება და იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ჰუმანიტარულ სტატუსს გაუხანგრძლივებს.

"იმედი მქონდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი განხილვა იქნებოდა.  ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმის გამო, რომ სამარტოო საკანში ვიყავი, გაუარესდა. ერთი წლის წინ მომანიჭეს ჰუმანიტარული სტატუსი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ერთი წლის შემდეგ, სტატუსი უნდა გაეგრძელებინათ. მდგომარეობა კიდევ უფრო გამირთულდა - მიოკარდიუმის ინფარქტი გადავიტანე. ამ გარემოების მიუხედავად, მიგრაციის დეპარტამენტმა უარი მითხრა ჰუმანიტარული სტატუსის გახანგრძლივებაზე. ვიცი, რომ იქ [რუსეთში] არ იქნება სამართლიანი სასამართლო. ვიცი, რომ მაშინვე გამანადგურებენ, რადგან სიმართლეს ვიტყვი რუსულ სასამართლოშიც კი, ეს კი არავის სჭირდება. მინდა აქ ცხოვრება და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი, რასაც საჯაროდ ვამბობ საბოლოოდ, მივა ხელისუფლებასთან, საქართველოს პირველ პირებთან და ბოლოს და ბოლოს, ჩემს საკითხს გადაწყვეტენ". – თქვა ბანდიუკოვმა

 

კომენტარები