ეკონომიკა

$72 მილიარდი - 2020 წელს რუსეთმა ნავთობის გაყიდვით 40%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო

განახლდა:

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან ექსპორტირებული ნედლი ნავთობისგან მიღებული შემოსავალი 40.8%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური ავრცელებს

უწყების მონაცემებით, გასულ წელს ნედლი ნავთობის გაყიდვით ქვეყანამ სულ 72.3 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 40%-ით ნაკლებია. ამავდროულად გაყიდული ნედლი ნავთობის მოცულობა მხოლოდ 11%-ით შემცირდა, ამგვარი სხვაობა უმთავრესად ნავთობზე შემცირებულ ფასებს უკავშირდება. 

ამის პარალელურად 32%-ით შემცირდა ნავთობპროდუქტების ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი. 2020 წელს ნავთობის გლობალურმა ბაზარმა რამდენიმე შოკი განიცადა, მათ შორის პირველი შოკი გამოწვეული იყო OPEC-სა და რუსეთს შორის შეთანხმების ჩაშლით. 

2020 წლის 6 მარტს რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე, რაც საბოლოოდ ძველი შეთანხმების ჩაშლაში გადაიზარდა, რის შემდეგაც საუდის არაბეთმა მოპოვება დღეში 12-13 მილიონ ბარელამდე გაზარდა და ნავთობის გაყიდვა ევროპაში უპრეცედენტო ფასდაკლებებით დაიწყო. 

ნავთობის მოპოვება გაზარდა რუსეთმაც, რაც საბოლოოდ პროდუქციის ჭარბ მიწოდებაში გადაიზარდა. გასული წლის მარტ-აპრილში ნავთობის გლობალური ფასები ბოლო რამდენიმე ათწლეულის მინიმალური მაჩვენებლები განახლდა. აპრილში საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 16 დოლარს გაუტოლდა. 

გლობალური პანდემიისა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, რეკორდულად, 1995 წლის დონემდე შემცირდა გლობალური მოთხოვნა ნავთობზე. მთელ მსოფლიოში გადავსებული ნავთობის შემნახველი ტერმინალებმა და ნავთობის ფასის მიმართ პესიმისტურმა მოლოდინებმა დამატებითი წნეხი წარმოქმნა. 

საბოლოოდ, აპრილში რუსეთი, საუდის არაბეთი და ნავთობის მომპოვებული სხვა ქვეყნები ფასების სტაბილურობისთვის ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. გარიგების შედეგად ნავთობის გლობალური მოპოვება დღეში 10 მილიონი ბარელით შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას. 

ბოლო დღეების განმავლობაში Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 60 დოლარს გადააჭარბა, 55-57 დოლარის ფარგლებში მერყეობს ამერიკული წარმოების WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, 53-56 დოლარის ფარგლებში ვაჭრობენ ყველაზე მოთხოვნადი რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობით.

კომენტარები