კორონავირუსი და შეზღუდვები

სოცაფეთქება მთავრობას: შეასრულეთ პასუხისმგებლობა, დაიცავით COVID-19-თან ბრძოლის რეკომენდაციები

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
ტაბულა

სამოქალაქო აქტივობა სოცაფეთქება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს. აქტივობა მთავრობას სთხოვს, შეასრულოს ნაკისრი პასუხისმგებლობა და შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად გახსნილ ობიექტებში დაიცვას ის რეკომენდაციები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის უმთავრეს ინსტრუმენტებად მოიაზრება და ამავდროულად არ გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსს, იგულისხმება: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, თერმოსკრინინგი, დეზობარიერები.

"პროტესტის ფარგლებში საზოგადოება მოითხოვდა შეზღუდვების შემცირებას ან სრულად გაუქმებას, თუმცა, ეს არ გულისხმობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას. საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალდა და გამოხატავდა პროტესტს გაუაზრებელი შეზღუდვების წინააღმდეგ, მიაჩნია, რომ სამთავრობო გუნდი ვერ მართავს პროცესებს ადექვატურად და თებერვლის თვეში შეზღუდვების შემცირება, რიგი რეკომენდაციების გარეშე, იქნება უფრო მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საწინდარი. შესაბამისად, ვთხოვთ მთავრობას შეასრულოს ნაკისრი პასუხისმგებლობა და დაიცვას ის რეკომენდაციები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის უმთავრეს ინსტრუმენტებად მოიაზრება და ამავდროულად არ გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსს, იგულისხმება: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, თერმოსკრინინგი, დეზობარიერები". – ნათქვამია განცხადებაში. 

სოცაფეთქება ხელისუფლების სამომავლო გეგმებს ბუნდოვანს უწოდებს და კომენდანტის საათის ძალაში დარჩენას პანდემიის გავრცელების პირდაპირ ხელშემწყობ ფაქტორად მოიაზრებს

"ტრანსპორტის აღდგენის პარალელურად შესამჩნევია პიკის საათში მოზღვავებული ადამიანების ნაკადი, რაც პანდემიის გავრცელების პირდაპირი ხელშემწყობი ფაქტორია. ჩვენი აზრით, კომენდანტის საათი არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანების კონცენტრაციის უპრეცენდენტო ზრდის და აუცილებლად უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით.

საზოგადოებისათვის კვლავაც ბუნდოვანია ხელისუფლების სამომავლო გეგმები, პანდემიასთან გასამკლავებლად, რეალურად არის თუ არა მზად პანდემიის შემდეგი ტალღისათვის და რა კეთდება ამ მიმართულებით. ბუნდოვანია ინფიცირების ინდექსის დათვლის მეთოდიკა და რეგულაციების რა ცვლილებებს უკავშირდება ინდექსის ესა თუ ის ნიშნული. გაურკვეველი მოლოდინები კი, ცხადია, პირდაპირ უკავშირდება ბიზნეს სექტორისა და, ზოგადად, ეკონომიკის ნეგატიურ განვითარებას. შესაბამისად, საზოგადოების სახელით მოვითხოვთ მთავრობისაგან, შემუშავდეს და გასაჯაროვდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ბიზნესსექტორებისა და ინსტიტუციების გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ჯანდაცვის სექტორის მომზადების მიმართულებით პანდემიის შემდეგი ეტაპის გასამკლავებლად. გაუმჭირვალეა მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლა ფინანსური კუთხითაც და მოვითხოვთ დეტალურად გასაჯაროვდეს ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯები.

საზოგადოებისთვის კვლავაც გაუგებარია, რის საფუძველზე არ გაიხსნა სამთო კურორტები. სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებას არ მიუღია არც ერთი ლოგიკური არგუმენტი გუდაურის, მესტიის, გოდერძის, ბაკურიანის და სხვა კურორტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები