კორონავირუსი და შეზღუდვები

კალაძე: 524 მგზავრი ტრანსპორტში ასვლას პირბადის გარეშე ეცადა, 3 790 -ს გაფრთხილება მიეცა

კახა კალაძე
თბილისის მერია

"524 მგზავრი ეცადა ასვლას პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში".–  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა. 

მისივე ინფორმაციით, 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რომელთაც, ძირითადად ცხვირზე არ ჰქონდათ აფარებული.

"საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა მხოლოდ ერთხელ, დაპირისპირება იყო პირბადის არგაკეთების გამო. ერთხელ არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს და ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ბევრჯერ იქნა მიცემული მითითება, რომ გაეკეთებინა პირბადე. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს. აქტიურად არიან ჩართული თავად მგზავრები ამ პროცესში და პირველ რიგში ისინი მოითხოვენ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ცდილობს პირბადის გარეშე ავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან უბრალოდ მიზანმიმართულად არ იკეთებს პირბადეს. ეს სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს მგზავრებში". – ამბობს კალაძე. 

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქში 8 თებერვალს აღდგა. მეტრო, ავტობუსი და ე.წ. სამარშუტო ტაქსები 21:00 საათამდე მუშაობენ. შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. 

მერიის ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. ასევე:

  • პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი.
  • თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე.
  • ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება  გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

"ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ". – წერია მერიის განცხადებაში. 

რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან – სრულად 

კომენტარები