მეცნიერება

ევროპის კოსმოსური სააგენტო გაძლევთ შესაძლებლობას, გახდეთ ასტრონავტი

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 11 წლის განმავლობაში პირველად აცხადებს ვაკანსიას ასტრონავტების მიღებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს

განაცხადების მიღება 31 მარტიდან იწყება და 2021 წლის 28 მაისამდე გაგრძელდება.  სააგენტო აცხადებს, რომ შერჩევის პროცესი 6 ეტაპისგან შედგება, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლის ოქტომბერში დასრულდება. განმცხადებელი  ESA- ს წევრი ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ESA-ს 17 წევრი ქვეყანა ჰყავს - მათ შორის საქართველო არ არის. განმცხადებელი ასევე უნდა იყოს 153-დან 190-მდე სანტიმეტრის სიმაღლის, კარგი ფიზიკური ჯანმრთელობით და შეეძლოს ინგლისურ ენაზე საუბარი. სააგენტოს მოთხოვნებშია უნივერსიტეტის დიპლომი ან მისი ექვივალენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინჟინერიასა ან მედიცინაში. 

ESA-ს გენერალურმა დირექტორმა, იან ვორნერმა თქვა, რომ ევროპა ადრინდელთან შედარებით უფრო მეტად გააფართოებს კოსმოსის შესწავლას.

"რეკრუტირების ეს პროცესი პირველი ნაბიჯია და მომავალში ველოდებით სააგენტოს განვითარებას კოსმოსის შესწავლისა და ინოვაციების ყველა სფეროში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად". – ამბობს ვორნერი. 

სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, განცხადებები მიიღოს საზოგადოების ყველა წარმომადგენლისგან. როგორც ESA-ს რობოტიკის კვლევის მიმართულების დირექტორი, დევიდ პარკერი, ამბობს, "მრავალფეროვნება ESA-ში უნდა ეხებოდეს ასტრონავტების არამარტო წარმომავლობას, ასაკს ან სქესს, არამედ ასევე ფიზიკურ შეზღუდულ შესაძლებლობებს". ამ ოცნების რეალობაში მოსაყვანად პარკერი მხოლოდ ასტრონავტების რეკრუტირების პროცესს საკმარისად არ მიიჩნევს და სპეციალურ პროექტს იწყებს (Parastronaut Feasibility Project). 

ამასთან,  ევროპის კოსმოსური სააგენტო ქალებს მოუწოდებს, შემოიტანონ განაცხადი, ვინაიდან ორგანიზაცია თავის რიგებში გენდერული მრავალფეროვნების ხელშეწყობით არის დაინტერესებული. 

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ოქტომბერში NASA– სთან გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც მთვარის გამოკვლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

ორი სააგენტო Artemis Gateway-ზე, მთვარის საგუშაგოზე იმუშავებს ერთად. ის იმოქმედებს, როგორც სადგური და ასტრონავტებს დაეხმარება.

კომენტარები