მეცნიერება

სად არის საქართველო სამეცნიერო პროდუქტიულობის გლობალური ინდექსების მიხედვით?

მეცნიერება

სად არის საქართველო სამეცნიერო პროდუქტიულობის გლობალური ინდექსების მიხედვით?

მეცნიერის აკადემიური წარმატება დიდწილად კვლევებსა და პუბლიკაციებზეა დამოკიდებული. სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასებისას სხვადასხვა ინდიკატორს ითვალისწინებენ,  მათ შორის გავლენიან საერთაშორისო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებას, ციტირებას, ჟურნალების ვალიდურობას, პროდუქტიულობის მაჩვენებელსა და მკვლევართა მეცნიერულ გავლენას. 

მკვლევრების პროდუქტიულობის გაზომვის რამდენიმე მექანიზმი არსებობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამეცნიერო კალიბრის გასაზომად სხვადასხვა მეტრიკას იყენებენ, რომელიც ინდივიდუალური რეცენზირებული პუბლიკაციების რაოდენობასა და ხარისხს ეყრდნობა. 

"ქვეყნების სამეცნიერო პროდუქტიულობის გაზომვა მარტივი არ არის. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად, საერთო ციტირებების რაოდენობით. ცალკე არის ინსტიტუციური პროდუქტიულობის გაზომვა. ერთი დღის განმავლობაში რამდენი სტატია დაწერეს კონკრეტული ქვეყნის მეცნიერებმა, მერე ეს სტატია საერთაშორისოდ რეფერირებად ჟურნალებში რამდენჯერ დაციტირდა. მაგრამ ეს არ არის ეფექტური მეთოდი და სწორი არ იქნება ამ სახით მეცნიერების პროდუქტიულობის გაზომვა, იმიტომ რომ სტატიის დაწერა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ხარისხიანი სტატიაა და სამეცნიერო ღირებულება აქვს. ასევე, შესაძლებელია, რომ ერთ ქვეყანაში ერთი სტატია დაიწეროს და სხვა ქვეყნების 200 სტატიას უდრიდეს. ასევე, ამაში მითვლილია თვითციტირებები, როდესაც ადამიანები საკუთარ თავს აციტირებენ. ეს კი ბევრი მანიპულაციის საშუალებას იძლევა – კონკრეტულმა ქვეყნებმა ან ინსტიტუციებმა შეიძლება ხელოვნურად გაზარდონ თავიანთი მონაცემები. ამიტომ შემოღებულია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი, რომელსაც H ინდექსი ჰქვია. ამ ინდექსით იზომება კონკრეტული მეცნიერის, სამეცნიერო ინსტიტუციის ან ქვეყნის სამეცნიერო პროდუქტიულობა და ხშირად იყენებენ საერთაშორისო სამეცნიერო ფონდები". – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი, მეგი ქარცავაძე ტაბულასთან საუბრისას.

ამჟამად, ინდივიდის მეცნიერული პროდუქტიულობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საზომია H ინდექსი, რომელიც ასახავს როგორც მკვლევრის პუბლიკაციების რაოდენობას, ასევე თითო პუბლიკაციაზე ციტატების რაოდენობას (პუბლიკაციის ხარისხის საზომი). იგი ერთ დარგში მომუშავე მეცნიერთა პროდუქტიულობის შედარების მიზნით გამოიყენება. 

უფრო კონკრეტულად, მეცნიერის აკადემიური მაჩვენებელია H, თუ მისი H რაოდენობის ნაშრომიდან თითოეული სხვა მეცნიერის მიერ ციტირებულია მინიმუმ H-ჯერ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ავტორის მიერ პუბლიკაციის გამოქვეყნებისას, H ინდექსი არ ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ზოგიერთმა ავტორმა უფრო მეტი წვლილი შეიტანოს ნაშრომის შექმნისას, ვიდრე სხვამ.

გარდა ამისა, სამეცნიერო პროდუქტიულობის გაზომვის ამ მექანიზმს აქვს სხვა ნაკლიც, კერძოდ, პირობითად, როდესაც მკვლევარს საკუთარ ნაშრომებზე ციტირების მაღალი რაოდენობა აქვს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული, მეცნიერის H ინდექსი მცირე იქნება.  პირობითად, თუ მკვლევარს გამოქვეყნებული აქვს 50 სტატია, თითოეული კი ერთხელაა ციტირებული, H ინდექსი 1 იქნება. თუკი აქვს 1 სტატია, რომელიც ციტირებულია 50-ჯერ, H ინდექსი მაინც 1 იქნება. 

"H ინდექსიც არაა შეუცდომელი და საუკეთესო საშუალება. მასაც აქვს კონკრეტული ხარვეზები. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა მეცნიერს ვადარებთ, შეიძლება, ახალგაზრდა მეცნიერი გამოცდილთან შედარებით იჩაგრებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მეცნიერს შეიძლება დაწერილი ჰქონდეს ერთი სტატია ან ერთი პუბლიკაცია, რომელიც უფრო წონადი და ღირებული იყოს.  ამიტომ იყენებენ ისეთ მეთოდს, რომლის მიხედვითაც H ინდექსს ყოფენ აქტიურ სამეცნიერო წლების რაოდენობაზე. თუკი ჩემი პირველი პუბლიკაციიდან გავიდა სამი წელი, ჩემი H ინდექსი გაიყოფა 3-ზე და ამ სტანდარტით შედარდება სხვა მეცნიერების შესაბამის მონაცემებს". - აღნიშნავს მეგი ქარცივაძე.

საქართველოს მონაცემები გლობალურად 

სამეცნიერო ინდიკატორების მიხედვით ქვეყანათა შესაფასებლად ხშირად გამოიყენება პორტალი - SCImago Journal & Country Rank, რომელიც მსოფლიო უმსხვილესი ინდექსირების სააგენტო, Scopus-ის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით სამეცნიერო პროდუქტიულობას დისციპლინებისა და მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით ადარებს.

1996-2021 წლებში ყველა დისციპლინისა და ყველა რეგიონის გათვალისწინებით, საქართველო 242 ქვეყნიდან 75-ე ადგილს იკავებს. ამ დროით პერიოდში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე ციტირების საშუალო რაოდენობა 19.50-ია, ხოლო სტატიების რაოდენობა, რომლებიც ამ დროით ინტერვალში სულ მცირე H-ჯერ იყო ციტირებული - 219. 

რაც შეეხება 2020 წელს, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და იკავებს იმავე 75-ე ადგილს. ციტირების საშუალო რაოდენობა 1.70-ია, ხოლო H ინდექსი ამჯერადაც - 219. 

ქვეყნების შედარება H ინდექსის მიხედვით 1996-2021 წლებში

SCImago-ს რანჟირების მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველო 23 ქვეყნიდან მე-16 ადგილს იკავებს როგორც 1996-2021 წლის შუალედურ პერიოდში, ისე 2021 წლის შემთხვევაში. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, მოლდოვა, ალბანეთი და მონტენეგრო.  

გარდა ამისა, ამავე მონაცემების მიხედვით 1996-2021 წლებში მსოფლიო მასშტაბით საქართველოს ადგილი დარგობრივი კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სოფლის მეურნეობა და ბიოლოგიური მეცნიერებები - 104-ე ადგილი;
  • ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები - 77-ე ადგილი;
  • ბიოქიმია გენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია - 93-ე ადგილი;
  • ბიზნესი, მენეჯმენტი და ბუღალტერია - 97-ე ადგილი;
  • ქიმიური ინჟინერია - 96-ე ადგილი;
  • კომპიუტერული მეცნიერება - 98-ე ადგილი;
  • ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ფინანსები - 97-ე ადგილი;
  • ინჟინერია - 90-ე ადგილი;
  • მათემატიკა - 69-ე ადგილი;
  • მულტიდისციპლინარული - 65-ე ადგილი;
  • ნეირომეცნიერება - 76-ე ადგილი;
  • ფსიქოლოგია - 76-ე ადგილი;
  • სოციალური მეცნიერებები - 92-ე ადგილი.

"ჩემი აზრით, სწორი არ იქნება, რომ საქართველო ისეთ ქვეყნებს შევადაროთ, როგორებიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი, რადგან სხვა საწყისი პირობები გვაქვს. იმისთვის, რომ გავიგოთ საქართველოში მეცნიერება რამდენად პროდუქტიულია და სამეცნიერო სივრცე როგორ მუშაობს, ყველაზე სწორი იქნება, ჩვენი მსგავსი კონტექსტების ქვეყნებს შევედაროთ, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცეს. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს უსწრებენ ლიეტუვა, ბულგარეთი, სერბეთი, უკრაინა, სლოვაკეთი, ხორვატია, ესტონეთი და ა.შ. ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც ზოგადად და ასევე ცალკეულ სამეცნიერო დარგებში (ზუსტ და ჰუმანიტარულ დარგებში) საქართველოს უსწრებენ. თუმცა, საქართველო უსწრებს სომხეთს, ბელარუსს, ალბანეთს და რიგ შემთხვევებში, ლატვიაზე მაღალი მონაცემები გვაქვს". - ამბობს ოქსფორდის დოქტორანტი, მეგი ქარცივაძე ტაბულასთან საუბრისას. 

The Nature Index

არსებობს კიდევ ერთი მონაცემთა ღიად ხელმისაწვდომი ბაზა, ე.წ. The Nature Index, რომელიც ქიმიის, ფიზიკის, სიცოცხლის შემსწავლელი, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დარგების მიხედვით საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს აფასებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული ეს ნაშრომები, მკვლევართა დამოუკიდებელი ჯგუფის მიერაა შერჩეული. 

2021-2022 წლები

აღნიშნული მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველო 171 ქვეყნიდან 82-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება დარგობრივ კლასიფიკაციას, 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოსთვის გამოქვეყნებული ყველა კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალი წილი ფიზიკაზე მოდის, შემდეგია სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები და ბოლოს - ქიმია. 

გარდა ამისა, საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, საქართველოს ტოპ სამი თანამშრომელი ქვეყანაა აშშ (29.38 %), გერმანია (21.36 %) და იტალია (10.8 %). 

საქართველოს ტოპ 10 თანამშრომელი ქვეყანა 2021-2022 წლებში

"მოკლევადიანი ორიენტირი, რაშიც ვგულისხმობ უახლოეს 5 წელს, შეიძლება იყოს ის, რომ ავიღოთ იმ ქვეყნების გამოცდილება, მაგალითად, ესტონეთი ჩვენთვის ყველაზე რელევანტური იქნება. ესტონეთს დიდი ტექნოლოგიური პროგრესი ჰქონდა ძალიან მოკლე დროში და მათი სამეცნიერო სივრცე ზოგადად ძალიან სწრაფად პროგრესირებადია.

მნიშვნელოვანია, ვნახოთ, ეს ქვეყნები რას აკეთებენ, როგორ მუშაობს სამეცნიერო საბჭო, მათი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რა შეგვიძლია, ავიღოთ, რა შეიძლება, მოვარგოთ ქართულ სამეცნიერო სივრცეს, ვისწავლოთ ამ ქვეყნების გამოცდილებისგან და მიზნად დავისახოთ, რომ უახლოეს 5-10 წელიწადში ჩვენი მონაცემები გაუმჯობესდეს ისე, რომ ამ ქვეყნების დონეზე მაინც ავიდეთ. ამის მერე უკვე შესაძლებელი იქნება, რომ უფრო მაღალი თამასა ავიღოთ და უფრო დიდი მიზნები დავისახოთ". –აღნიშნა მეგი ქარცივაძემ. 

კომენტარები