ეკონომიკა

კუბა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ეკონომიკას კერძო სექტორისთვის ხსნის

ფოტო: idcommunism.com

კუბის მთავრობა მნიშვნელოვნად ზრდის იმ ინდუსტრიებისა და ბიზნესების რაოდენობას, რომლებიც გათავისუფლებიან სახელმწიფო კონტროლისაგან. კუბის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური რეფორმაა.

მმართველი კომუნისტური პარტიის თქმით, კერძო ბიზნესს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მიეცემა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ინდუსტრიების წილი მნიშვნელოვნად შემცირდება.

BBC-ის ინფორმაციით, ნებადართული საქმიანობების რიცხვი 127-დან 2000-მდე გაიზრდება. სახელმწიფო კონტროლის ქვეშ კი ეკონომიკური სექტორის შედარებით მცირე ნაწილი დარჩება.

ანალიტიკოსების აზრით, კუბის კომუნისტური მთავრობის ასეთი გადაწყვეტილება უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული. კოვიდ პანდემიისა და პრეზიდენტ დონალ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ კუბის ეკონომიკური სისტემა არაეფექტური აღმოჩნდა.

2020 წელს კუბის ეკონომიკა 11%-ით შემცირდა, გარდა ამისა, ძირითადი მოხმარების საქონელი დეფიციტშია და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით კუბა 178-ე ადგილზეა, ვენესუელის გვერდით.

ამჟამინდელი მონაცემებით, კუბის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტურისტულ სექტორშია დასაქმებული, რომელიც კოვიდ პანდემიით მნიშვნელოვნად დაზარალდა.

აშშ-კუბას შორის არსებული 60 წლიანი დაძაბული ურთიერთობა პრეზიდენტ ბარაკ ობამას პერიოდში შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ სიტუაცია კვლავაც გაამწვავა.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა, საეჭვოა, რამდენად პრიორიტეტულია ბაიდენისათვის კუბის საკითხი.
 

კომენტარები