სახელმწიფო რწმუნებულები

პრემიერმინისტრმა 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გურიაში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ კი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. პარმენ მარგველიძე 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო. ის წლების განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს.  სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.

კომენტარები