ეკონომიკა

Galt & Taggart ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვას ავრცელებს

CBW.ge

გალტ & თაგარტმა 8 თებერვალს ყოველკვირეული ეკონომიკური მიმომხილვა გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს ვეცნობით.

ინფლაცია

საქსტატის მიხედვით, 2021 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა. კომუნალური ტიპის პროდუქტებზე ფასების კლება(–20.9%), ძირითადად, სამთავრობო სუბსიდირებითაა განპირობებული. ფასების ზრდა კი განსაკუთრებით შემდეგ სამომხმარებლო პროდუქციაში ფიქსირდება: 

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 6.4%
  • ჯანმრთელობის დაცვა – 9.7%
  • სახლის მოვლა, საოჯახო ნივთები – 10.8%
  • ალკოჰოლი და თამბაქო – 6.9%

 

საერთაშორისო რეზერვები

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარში საერთაშორისო რეზერვები წლიურად 17.8%-ით გაიზარდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, რეზერვები წინა თვესთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა (+191 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება საერთაშორისო დონორების დახმარებებსა და იანვარში გამართულ სავალუტო აუქციონებზე 80 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.

მონეტარული პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 3 თებერვლის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.0%-ზე დატოვა. სებ-ის პროგნოზით, 2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 4.0%-ის ფარგლებში იქნება  და შემდგომ პერიოდებში მიზნობრივ, 3.0%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.

ამასთან, სებ-ი 2020 წელს კლების შემდეგ, 2021 წლიდან ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივად აღდგენას ელის და 2021 წელს ეკონომიკურ ზრდას 4%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 17 მარტს ჩატარდება.

სახაზინო ვალდებულებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის 2 თებერვალს 2- წლიანი 20 მლნ ლარის (6.1 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. უახლოესი აუქციონი დაგეგმილია 2021 წლის 9 თებერვალს, სადაც 1- წლიანი 15 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები გაიყიდება.

 

 

 

 

კომენტარები