საქართველოს საპატრიარქო

დეკანოზი ჯაღმაიძე ილია II-ის გადაყენებაზე: ამ ფანტაზიებზე შეკითხვებით ნუ მომმართავთ

საქართველოს საპატრიარქო

"ჟურნალისტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ". – ასე ეხმაურება პატრიარქის პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის გავრცელებულ ინფორმაციას პატრიარქის გადაყენების შესახებ.

ასოციაცია "კონფიდენციალურ წყაროებზე" დაყრდნობით წერს, რომ 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები პატრიარქის გადაყენებას და პირველიერარქის არჩევნების დაჩქარებული წესით დანიშვნას აპირებენ. მათი მტკიცებით, ეს "რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით" იგეგმება და ილია მეორეს "გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით" გადაააყენებენ.

"ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იმისათვის, რათა კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს, აღნიშნული მზაობის ხელშეწყობისათვის იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომელნიც საწყისშივე მოტივირებული მისიით იმოქმედებენ რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის სინოდში.

ეს არის რუსეთის მიერ ერთგვარი შურისძიება მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მიერ რუსეთის ეკლესიისათვის საპროტესტო ნოტის გაგზავნის გამო, რაც პატრიარქის კურთხევით განხორციელდა. ჩვენი ძალისხმევით ამ წერილმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა, რამაც რუსეთის საპატრიარქო დიდად გააღიზიანა". – წერს რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია და მოუწოდებს მიტროპოლიტ შიოს - ნებაყოფლობით დატოვოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანამდებობა.

საპატრიარქოს ცნობით, ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება. რა საკითხებს განიხილავენ მღვდელმთავრები, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები