ტექნოლოგიური გიგანტები

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები ბრძოლას ერთმანეთის წინააღმდეგ იწყებენ

ფოტო: pymnts.com

ჩინეთის ორ უდიდეს ტექნოლოგიურ გიგანტს შორის სასამართლო დავა იწყება.

კომპანია ByteDance-მა, რომელსაც ეკუთვნის ცნობილი გასართობი აპლიკაცია TikTok, სარჩელი შეიტანა Tencent-ის წინააღმდეგ.

ByteDance-ი Tencent-ს ანტიკონკურენტულ ქმედებაში ადანაშაულებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Tencent-მა ByteDance-ის აპლიკაციას, Douyin-ს (იგივე TikTok), WeChat და QQ-სთან წვდომა შეუწყვიტა, რითაც ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონი დაარღვია.

გასართობმა აპლიკაციამ Tencent-ის ქმედებით მილიონობით მომხარებელი დაკარგა. ზარალის ასანაზღაურებლად ByteDance-ი 14 მილიონ დოლარს ითხოვს.

“ჩვენ გვჯერა, რომ კონკურენტული გარემო მომხარებლებისთვის უკეთესია და ის ხელს უწყობს ინოვაციას. ეს სარჩელი ჩვენი და ჩვენი მომხარებლების უფლებების დასაცავად შევიტანეთ“. – თქვა ByteDance-ის წარმომადგენელმა.

ByteDance-ის ქმედებას მოწინააღმდეგე მხარე შეტევითვე პასუხობს, Tencent-ის წარმომადგენლების თქმით, ისინი თავადაც გეგმავენ ByteDance-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას.  

ByteDance-ი და Tencent-ი ჩინეთის უდიდეს სოციალურ ქსელებს ფლობენ, WeChat-ს ყოველ თვიურად 1.2 მილიარდი აქტიური მომხარებელი ჰყავს, QQ-ს 700 მილიონზე მეტი, ხოლო ByteDance-ის Douyin-ს, დაახლოებით, 600 მილიონი.

ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა გამოსცეს ახალი სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ტექნოლოგიურ სივრცეში მონოპოლიური სისტემის ჩამოყალიბების წინააღმდეგაა მიმართული.

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Alibaba-ს წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობამ გამოძიებაც კი დაიწყო ანტიმონოპოლიური ქმედების კუთხით.

ანალიტიკოსთა ნაწილი ჩინეთის მთავრობის ქმედებებს Alibaba-სა და ჯეკ მას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მათი თქმით, მთავრობა ახალ რეგულაციებს მიზანმიმართულად აწესებს კერძო სექტორისათვის და არა სახელმწიფო მონოპოლიებისთვის.

კომენტარები