დავითგარეჯის საქმე

პრეზიდენტი დავითგარეჯაზე: ქვეყანა იწყება და მთავრდება საზღვრით, სხვაგვარად სრულყოფილი არაა

სალომე ზურაბიშვილი
იმედი

"აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ საჭირო იყო, დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისიებს განეახლებინათ მუშაობა, ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია და საკითხი უნდა დასრულდეს მეგობრულად". - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

ზურაბიშვილის თქმით, 2005 წელს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მან დელიმიტაციის საკითხი დასვა. 

"როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით, სხვაგვარად სახელმწიფო სრულყოფილი არ არის. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. ამიტომ, პირველივე ვიზიტის დროს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში დავსვი ეს საკითხი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პასუხი იყო ზუსტად იგივე – მეც გეთანხმებით, აუცილებელია, ჩვენ დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ, არა 100 წლის წინ, არამედ 30 წლის წინ. იგივე გვაქვს სომხეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენთვის და ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ".- ამბობს ზურაბიშვილი. 

რაც შეეხება ბრალდებულ კარტოგრაფების საქმეს, ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ის საკითხს ვერ განიხილავს, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

"ძალიან მიკვირს, როცა ზოგიერთები დაჟინებით ამბობენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორია არ არის. არსად არ გამიგია, ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი იჩემებს, რომ არა, ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის, ამისგან ვარ გაოცებული".- ამბობს ზურაბიშვილი. 

ზურაბიშვილი ამით ივერი მელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მელაშვილმა 28 იანვარს TV პირველის ეთერში გააკეთა. მისის თქმით, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში "ერი იქნება, თუ ბერი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი". მისი ეს განცხადება სამთავრობო გუნდმა მის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის გამოიყენა.  

მეორე დღეს მელაშვილმა თავისი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ "დავითგარეჯა, რა თქმა უნდა ჩვენია, მაგრამ პოპულიზმი მოლაპარაკებებს აზიანებს".  


 

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით

კომენტარები