COVID-19-ის ვაქცინა

COVID-19-ის რუსული ვაქცინა 91.6%-ით ეფექტიანია

Shutterstock

ბოლო რეცენზირებული კვლევის თანახმად, რუსული წარმოების COVID-19-ის ვაქცინა Sputnik V 91.6%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა. ვაქცინის ტესტირების ბოლო ფაზის შედეგები ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

რუსული წარმოების ვაქცინა თავდაპირველად კრიტიკის სამიზნე გახდა, როდესაც აგვისტოში, რუსეთში, ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის მანამდე დაამტკიცეს, სანამ მესამე ფაზის ტესტირება დაიწყებოდა. ვაქცინაციის პირველი ეტაპი რუსეთში ზაფხულში დაიწყო. სკეპტიციზმი რუსული ვაქცინის მიმართ გაზარდა მოსკოვის განცხადებამ, რომ მათ ვაქცინა პირველებმა შექმნეს, მაშინ, როცა სხვა ვაქცინების შემუშავების პროცესი უფრო წინ იყო, დაწყებული იყო მეორე და მესამე ფაზის ტესტირება.

თუმცა, The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც სპეციალისტების მიერ არის რეცენზირებული, აჩვენებს, რომ Sputnik V CVOID-19-ის წინააღმდეგ 91.6%-ით ეფექტიანია.​

"Sputnik V-ის ვაქცინის შემუშავების პროცესი კრიტიკის საგანი გახდა შეუფერებელი სიჩქარის, მოქმედება წესების გვერდის ავლისა და გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო. კვლევაში წარმოდგენილი შედეგი ნათელია და ნაჩვენებია ვაქცინაციის სამეცნიერო პრინციპი. კიდევ ერთ ვაქცინას შეუძლია, COVID-19-ის ავადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდეს." – წერენ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის კომენტარებში რიდინგის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი მკვლევარი, იან ჯონსი და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის დამოუკიდებელი მკვლევარი, პოლი როი.

მათ კომენტარში ასევე აღნიშნულია, რომ Sputnik V-ის დიზაინიდან გამომდინარე, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინის მსგავსად, დაფუძნებულია გენეტიკურად მოდიფიცირებულ ვირუსზე, რუსული ვაქცინის მასობრივი წარმოება რთულია. 

ვაქცინის მწარმოებელი გამალეას ინსტიტუტის მკვლევრის დენის ლუგონოვის თანახმად, კვლევის შედეგები დაფუძნებულია 19 866 მოხალისესგან მიღებულ მონაცემებზე. მოხალისეების მეოთხედმა ვაქცინის ნაცვლად პლაცებო მიიღო. მოსკოვში ვაქცინის ტესტირების დაწყების შემდეგ აცრილ მოხალისეებში სიმპტომატური COVID-19-ის 16 შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო იმ ჯგუფში, რომელმაც პლაცებო მიიღო, COVID-19-ის 62 შემთხვევა გამოვლინდა. ეს აჩვენებს, რომ 21-დღიანი ინტერვალით მიღებული ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა სიმპტომატური COVID-19-ის წინააღმდეგ 91.6%-ია.

კომენტარები