ალექსეი ნავალნის საქმე

ბლინკენი: ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებაზე

ენტონი ბლინკენი
NPR

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის მიმართ რუსეთის ქმედებებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებაზე, ასევე ყველა იმ პირის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს მათი უფლებების გამოყენების გამო". – წერს ენტონი ბლინკენი.

"ჩვენ უკვე გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება ალექსეი ნავალნის საკითხთან დაკავშირებით და უფრო ფართოდ რუსეთში არსებულ სიტუაციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ჩემთვის კვლავ შოკისმომგვრელია, როგორი შეშინებული ჩანს რუსეთის მთავრობა ერთი კაცის, ნავალნისაგან... როგორც ვთქვი, ღრმად გვაშფოთებს ნავალნის უსაფრთხოების საკითხი. მისი ხმა რუსეთის ბევრი მოქალაქის ხმაა და ის უნდა მოისმინონ და არა - ჩაახშონ". – 28 იანვარს ენტონი ბლინკენმა თქვა.

30 იანვარს თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ საკიმ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში მას დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, გათავისუფლებისკენ მოუწოდა


2 თებერვალს  ალექსეი ნავალნის, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე. 

დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლო ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით განიხილავდა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას, რათა ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეეცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას ასევე მხარს უჭერდა რუსეთის გენერალური პროკურატურა.

ნავალნის თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდეს.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

კომენტარები