მე-10 მოწვევის პარლამენტი

გვარამია: ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება

ნიკა გვარამია

"ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება". - წერს მთავარი არხის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია Facebook-ზე მას შემდეგ, რაც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი ნომერი საჯაროდ, პარლამენტის ტრიბუნიდან გამოაცხადა

ის სახალხო დამცველს, ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს:

"ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს.

რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში. 

Nino Lomjaria

უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ. 

p.s. ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება

US Embassy Tbilisi, 

Georgian Europian Union in Georgia". - წერს გვარამია. 

თეა წულუკიანი ნომრის გამოცხადებით პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტში თავისი პირველი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მობილურის ნომერი და მოქალაქეებს უთხრა, რომ ამჯერად დეპუტატის რანგში უპასუხებს. 

"ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 20 ** **. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ილაპარაკეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? ეს რიტორიკული კითხვა იყო". – თქვა თეა წულუკიანმა. 

ტაბულა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერს არ აქვეყნებს. 

 

კომენტარები