მე-10 მოწვევის პარლამენტი

მდინარაძე: გადაწყვეტილება თუ იგივე დარჩა, შეიძლება ოპონენტების ნაწილს არ მოეწონოს

ტაბულა

"ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს ეს გადაწყვეტილება, თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში". – ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა, რომელზეც ოპოზიციური პარტიებისათვის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავდნენ. 

მდინარაძის თქმით, პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება, რადგან საჭიროა, ქართული ოცნების უმრავლესობამაც იგივე პოზიცია დააფიქსიროს.

"სამწუხაროდ, დღეს მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტის შესახებ გითხრათ, ძალიან დიდი ბოდიში ამისთვის საზოგადოებას, იმიტომ, რომ ამ პროექტს სჭირდება ხვალ უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება ან უარყოფა. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით რაღაც პოზიციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც უნდა წარვუდგინოთ ხვალ უმრავლესობას, ესე იგი, პოლიტსაბჭოს უმრავლესობას გარკვეული აზრი გააჩნია.

ეს ასევე უნდა აისახოს საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია ქართული ოცნების ასევე უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. ჩვენ, საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებას ხვალ, სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს ეს გადაწყვეტილება, თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში". – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ხვალ, 2 თებერვალს, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტას უყრის კენჭს.

დღეს პარტია გირჩმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქართულ ოცნებას თხოვნით მიმართავს, რომ ხვალინდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს გირჩის წევრებიც მიმართავენ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა ხელისუფლებას, ნუ მიიღებს მანდატების შეწყვეტის ნაადრევ გადაწყვეტილებას და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებსა და გირჩის სამ წევრს. პარლამენტში უკვე შევიდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია, ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს. ამასთან ერთად, პარტია მოქალაქეების ლიდერების თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მათაც გადაწყვეტილი აქვთ.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები