კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: შეგვეძლო, ჩინური ვაქცინა დიდი ხნის წინ გვქონოდა, მაგრამ თუ არ გაიკეთეს, რად გვინდა?

"ჩვენ ვაქცინა დიდი ხნის წინ გვექნებოდა, ის, რასაც ჩვენი მეზობელი თურქეთი მოიხმარს, მაგრამ რა ამბავი ატყდებოდა ჩვენთან, ეს ვაქცინა რომ ყოფილიყო, წარმოიდგინეთ". – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პალიტრანიუსის ეთერში ილაპარაკა. ჩინური ვაქცინის შესახებ პაატა იმნაძემ თქვა, რომ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ამის განხილვა, "მაგრამ ჩვენთან წარმოიდგინეთ... არ გახსოვთ, რა ამბავი ატყდა, რომ ვახსენეთ, ისიც შეიძლება იყოს-თქო?".

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "თუ ვარგისია, იმაზე ვართ დამოკიდებული, ვინმე ამბავს ატეხს თუ არა?", პაატა იმნაძე პასუხობს - "აბა, თუ ისეთი ამბავი ატეხეს, რომ არავინ გაიკეთა, რად გინდა ვაქცინა?".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ფაიზერის ვაქცინა შემოვა ( 29 250 დოზა), ხოლო  თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში ასტრაზენეკა (180-300 000 დოზა).

"ამასობაში, სხვა ვაქცინებიც მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციას და იმედი მაქვს, არსებული დეფიციტი არამარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოში ნელ-ნელა გამოსწორდება და ზაფხულისთვის ჩვენი გეგმის მიხედვით გავყვებით". – თქვა პაატა იმნაძემ.

კომენტარები