ჩხოროწყუ

გახარია ჩხოროწყუზე: უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას თქმით, გამოძიების, ისევე როგორც ხელისუფლების მხრიდან, "უმკაცრესი რეაგირება" მოჰყვება ჩხოროწყუში მომხდარს, სადაც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანეს.

"შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ უმძიმესი აღშფოთება. მე ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში ხვალ სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა". – ამბობს გიორგი გახარია.

ჩხოროწყუს მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, ეთერ ჯაფარიძემ, ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად მან წაიყვანა.

"ვიყავი ევროპაში, იქ არაფერი არ იყო ჩვენზე უკეთესი, არც კულტურა, არც განათლება, არც არაფერი, გარდა იმისა, რომ თუნდაც ტუალეტის დაწმენდაც კი არ არის სასირცხვილო მომენტი". – ამბობს ეთერ ჯაფარიძე.

ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მომდარს ადასტურებს და ამბობს, რომ მისი დანაშაულია, რომ არ დაინტერესდა, რა პროექტში უნდა მიეღოთ ბავშვებს მონაწილეობა.

ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას თქმით, "ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება". მერის განმარტებით, როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობა დაატოვებინეს, შემდეგ კი საკითხის მოკვლევა დაიწყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

კომენტარები