ჩხოროწყუ

ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს – დაწყებულია გამოძიება 

ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, პირი, რომელმაც მოსწავლეები მერიაში წაიყვანა, არც სკოლის მასწავლებელია და არც მერიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები, სკოლის დირექციის თანხმობით, "დასუფთავების აქციაზე" წაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით, პედაგოგებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს მოქალაქე დავით ცირამუა. ცირამუა წერს, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლეები, დირექციის თანხმობით, უცხო პირს ე.წ. შაბათობაზე გააყოლეს. 

"პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე.

ახლა რა მოხდა სინამდვილეში – ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა". – წერს მოქალაქე.

კომენტარები