ჩხოროწყუ

ქებურია ჩხოროწყუს ინციდენტზე: უნდა დაისაჯოს სკოლის დირექტორი და ყველა მონაწილე პედაგოგი

ლელა ქებურია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლელა ქებურია, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.

ქებურიას თქმით, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს სკოლის დირექტორი და ყველა ის პედაგოგი, ვინც მონაწილეობა მიიღო ინციდენტში.

"აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის პედაგოგი და სკოლის დირექტორი, ერთმნიშვნელოვნად, მსგავსი გადაცდომის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბავშვები საპირფარეშოს გასახეხად წაიყვანეს, მერიის სადარბაზოს დასალაგებლად წაიყვანეს თუ ხის დასარგავად. განათლების შესახებ კანონი სკოლის დირექტორს ავალდებულებს, რომ მსგავსი ტიპის აქტივობის დაგეგმვისას, თუნდაც შაბათობის დაგეგმვისას ან რაიმე სხვა აქტივობის დაგეგმვისას, როდესაც საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს სკოლის გარეთ, ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებულ იყოს მშობელი". – ამბობს ქებურია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ტექნიკურად შეუძლებელია ადამიანმა, რომელიც არ არის მერიის თანამშრომელი, დაგეგმოს და განახორციელოს აქტივობა, ისე, რომ მერი ან მერიის თანამშრომლები არ იყვნენ ინფორმირებული. სწორედ ამიტომ, ქებურიას აზრით, უნდა დადგეს მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

"დღეს გაკეთებული კომენტარებიც იმას მოწმობს, რომ აბსოლუტურად მერი ადექვატურად არ აღიქვამს პრობლემას. როდესაც საუბარია მერის გადადგომაზე, აქ საუბარია მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და დიახ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ხდება ასეთი გადაცდომა, აუცილებლად  უნდა აიღოს მერმა". – თქვა ქებურიამ

ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, პირი, რომელმაც მოსწავლეები მერიაში წაიყვანა, არც სკოლის მასწავლებელია და არც მერიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები, სკოლის დირექციის თანხმობით, "დასუფთავების აქციაზე" წაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით, პედაგოგებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს მოქალაქე დავით ცირამუა. ცირამუა წერს, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლეები, დირექციის თანხმობით, უცხო პირს ე.წ. შაბათობაზე გააყოლეს. 

კომენტარები