ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მერიის ყოფილი თანამშრომელი: ვიყავი ევროპაში, ტუალეტის წმენდა იქ სასირცხვილო არაა

"ვიყავი ევროპაში, იქ არაფერი არ იყო ჩვენზე უკეთესი, არც კულტურა, არც განათლება, არც არაფერი, გარდა იმისა, რომ თუნდაც ტუალეტის დაწმენდაც კი არ არის სასირცხვილო მომენტი". – ამბობს ეთერ ჯაფარიძე, რომელმაც ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანა. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ მას დასანანი არაფერი ჩაუდენია. მისივე თქმით, მოსწავლეების მერიაში წაყვანის გადაწყვეტილება თავად მიიღო.  

"ვარ მერიის ტუალეტის გამგე და არ მეთაკილება. აქ ვითამაშეთ, ფაქტობრივად. აქ დასანანი არაფერი არაა. რომ გაიზრდებიან იტყვიან, რომ ამ ქალს უნდოდა ეს სიკეთე ჩვენთვის. შემცირების მერე დამრჩა ერთადერთი შანსი, რომ პატარა ბავშვებისთვის კიდევ ერთი მარცვალი ჩამედო. წავედი მეორე საშუალოში, შევუთანხმდი დირექტორს, შემიყვანა მეშვიდე კლასში, დაველაპარაკე ბავშვებს, ავუხსენი რომ მაშინათვე იწყება შრომა, როგორც კი დაიბადები. წამოვიყვანე ბავშვები მერიაში, იმიტომ, რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, იურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ოჯახს რომ გაუჭირდეს, ცოლ-შვილის გულისთვის თუ ქმარ-შვილის გულისთვის, შეიძლება რომ ასეთი საქმე არ ითაკილონ". – ამბობს ეთერ ჯაფარიძე. 

სკოლის დირექტორი აღნიშნულს ადასტურებს და ამბობს, რომ მისი დანაშაული ისაა, რომ არ დაინტერესებულა, რა პროექტში უნდა მიეღოთ ბავშვებს მონაწილეობა და ამის გამო თავის წილ პასუხიმგებლობას გრძნობს. 

ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა აცხადებს, რომ "ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება". მერის განმარტებით, როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობა დაატოვებინეს, შემდეგ კი საკითხის მოკვლევა დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

კომენტარები