კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა: ვაკვირდებით ბიზნესის გახსნის I ეტაპს, რაზეც შემდგომი გახსნის გეგმაა დამოკიდებული

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა აკვირდება ე.წ "წერტილოვანი შეზღუდვების" შემსუბუქების პირველ ეტაპს, რაც ქვეყნის მასშტაბით ბიზნესაქტივობების გახსნას გულისხმობს – არასასურსათო ვაჭრობას, მოლებს, მცირე და დიდ ქსელურ მაღაზიებს.

ნათია თურნავას შეფასებით, შემდგომი გახსნის გეგმა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ჩაივლის შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი:

"როგორც იცით, რიგში დგანან ბაზრობები, რომლებიც მალე გაიხსნება. ასევე დანარჩენ დიდ ქალაქებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სარესტორნე ინდუსტრია ელოდება გახსნას. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესაქტივობის გახსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის... შემსუბუქდა შემოყვანის რეჟიმი და როგორც იცით, შეზღუდვის გარეშე ვმასპინძლობთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს, ვისაც ვაქცინაციის ცნობა ექნება, ხოლო საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებს პისიარ ტესტით და მესამე დღეს ტესტირების ვალდებულებით შეეძლებათ შემოსვლა, რაც გვაძლევს საშუალებას,  თანდათან მეტი ტურისტული ნაკადი მივიღოთ". – ამბობს ნათია თურნავა.

დღეიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, სავაჭრო ცენტრები და ობიექტები ყველა რეგიონში იხსნება, რამდენიმე ქალაქში კი სკოლების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც აღდგა. ეს არ შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს.

კონკრეტულად:

  • 1-ელი თებერვლიდან ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
  • თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ასევე შაბათ-კვირის გამოკლებით, აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტისა და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება. 
  • პირველი თებერვლიდან იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, "გარკვეული სიხშირეებით".
  • ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
  • 1-ელ მარტამდე კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. 
  • საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლებისა და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
  • შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა;
  • სავალდებულო რჩება პირბადის ტარება, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

კომენტარები