ისრაელი-პალესტინა

ისრაელი დასავლეთ სანაპიროს და ღაზის სექტორს COVID-19-ის ვაქცინის 5 000 დოზას გადასცემს

COVID-19-ზე ტესტირება ღაზის სექტორში
Reuters

ისრაელი გეგმავს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ასაცრელად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 5 000 დოზა გადასცეს. თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა, კვირას დაადასტურა, რომ ისრაელი ვაქცინას პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას მიაწოდებს.

ისრაელს მსოფლიოში მოწინავე ვაქცინაციის პროგრამა აქვს, თუმცა დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს პროგრამა ჯერ არ შეხებია.

ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ისრაელში 1.7 მილიონმა ადამიანმა, მოსახლეობის თითქმის 20%-მა, COVID-19-ის ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღო. ამას გარდა, დამატებით სამი მილიონი მოქალაქე ვაქცინის პირველი დოზით აიცრა.

არც დასავლეთ სანაპიროზე, რომელსაც პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია მართავს და არც ღაზის სეტორში, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, ვაქცინაციის პროგრამა ჯერ არ დაწყებულა. პალესტინური მხარის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინების მიწოდების უზრუნველსაყოფად. ტერიტორიები ასევე ჩართული არიან კოვაქსის პროგრამაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება შესაძლებელი ვაქცინის მიწოდება. დასავლეთ სანაპიროზე 2.7 მილიონამდე, ხოლო ღაზაში 1.8 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ისრაელში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 640 000 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 4 700 ადამიანი. დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში ინფექციის 160 000 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 1 833 ადამიანი.

გაერო მიიჩნევს, რომ დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში პალესტინელების ვაქცინით უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება. ისრაელი აღნიშნავს, რომ ოსლოს ხელშეკრულების ფარგლებში, თვითგამორკვევის პრინციპის გათვალისწინებით, რეგიონებში ჯანდაცვის სისტემის გამართვა და შესაბამისად ვაქცინაციის უზრუნველყოფა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ევალება. პალესტინური მხარის თანახმად, ხელშეკრულება ასევე ავალდებულებს ისრაელს ეპიდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობას. გაეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში ოსლოს ხელშეკრულებაზე მაღლა დგას ჟენევის კონვენცია, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ისრაელი პასუხისმგებელია, უზრუნველყოს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების ვაქცინაცია, თუმცა საერთაშორისო სამართლის ექსპერტებს შორის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

კომენტარები