ეკონომიკა

სებ-ის დეკემბრის მიმოხილვა: ფასების ზრდა, ექსპორტის კლება და ტურისტული ჩავარდნა

EADaily

29 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტრადიციული თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის დეკემბრის თვის მაკროეკონომიკურ მონაცემებს უყრის თავს.

რეგულატორი 6 ძირითად ეკონომიკურ პარამეტრზე კონცენტრირდება: სამომხმარებლო ფასები(ინფლაცია), მონეტარული დინამიკა, საბანკო სექტორი, სავალუტო ბაზარი და საგარე ვაჭრობის მიმოხილვა

ყოველთვიურ დოკუმენტს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი ამზადებს

  1. ინფლაცია და სამომხმარებლო ფასები

2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები 1%-ით გაიაფდა, წლიური ინფლაციის დონემ კი 2.4% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია. სავარაუდოდ, ინფლაციის დონის კლება ეკონომიკური აქტივობის შემცირებას უკავშირდება.

ინფლაციის დონის კლება პოზიტიურად არ ასახულა საბაზისო სასურსათო პროდუქტზე. წინა წელთან შედარებით, სურსათი 6.7%-ითაა გაძვირებული, რაშიც უდიდეს წილს შემდეგი პროდუქცია იკავებს:

გარდა ამისა, წლიური ინფლაციის დონე იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმის მიხედვით განსხვავებულია - იმპორტირებული საქონელი მხოლოდ 0.5%-ითაა გაძვირებული, როცა ადგილობრივ ნაწარმზე 3.6% მოდის

 

  1. მონეტარული დინამიკა

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა(ჯამური ვალუტა მიმოქცევასა და ეროვნული ბანკის საცავებში) 54.4 მილიონი ლარით(1.1%-ით) შემცირდა

აგრეთვე, დეკემბრის თვეში ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო ინტერვენციების ფარგლებში, 49.8 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რასაც თვის დასაწყისში შესყიდული 17.1 აშშ დოლარი ემატება და უცხოურ აქტივებში ჯამურ 32.7 მილიონი აშშ დოლარის შემცირებას გვაძლევს

თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 276.9 მლნ ლარით გაიზარდა, მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში  - 256.1 მლნ ლარით

 

  1. საბანკო სექტორი

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 3.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 31.8%-ით არის გაზრდილი

დეკემბერში დეპოზიტებზე დარიცხული საშუალო საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.3% შეადგინა. 2019 წლის დეკემბერში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთები 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.3% შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე - 2%, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირებას წარმოადგენს

რაც შეეხება დაკრედიტებას, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, ჯამური სესხების წლიურმა მატებამ 9% შეადგინა, საიდანაც 88.9% გრძელვადიან სესხებზე მოდის. გარდა ამისა, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ეროვნულ ვალუტაზე კი - 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა

 

  1. სავალუტო ბაზარი

დეკემბერში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 0.7%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ - 2.1%-ით გაუფასურდა

ამავე პერიოდში, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ - 2.8%-ით, თურქული ლირის მიმართ - 3.3%-ით, ხოლო რუსული რუბლის მიმართ - 4%-ით გაუფასურდა. მეორე მხრივ, აშშ დოლარი სომხურ დრამთან მიმართებით 4%-ით გამყარდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა

 

  1. საგარეო ვაჭრობა

2020 წლის დეკემბერში, ექსპორტი წლიურად 17.7%-ით შემცირდა და 325.7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 17.9%-ით, 799 მლნ დოლარამდე შემცირდა. საბოლოო ჯამში, საგარეო სავაჭრო დეფიციტი წლის ჭრილში 17.7%-ით შემცირდა და 473.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

რეგიონის ქვეყნებიდან, იმპორტის კლებაში მაღალი წილით გამოირჩეოდა რუსეთი და აზერბაიჯანი, რაც ძირითადად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვების კლებას უკავშირდება. აგრეთვე შემცირდა იმპორტი უკრაინიდან, რაც ფოლადის წნელებსა და საქონლის გაყინულ ხორცს უკავშირდება

2020 წლის დეკემბერში, იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილს(7.4%) მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა, რომელიც გასულ წელთან შედარებით 41%-ით შემცირდა.

 

რაც შეეხება ექსპორტს, რეგიონის ქვეყნებიდან ექსპორტის შემცირებაში მნიშვნელოვნად მონაწილეობენ სომხეთი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი, სადაც კლება სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებითაა გამოწვეული

2020 წლის დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წლიურად 15.9%-ით გაიზარდა და 199.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.4%-ით, 24.7 მლნ დოლარამდე შემცირდა

დაბოლოს, აღნიშნული დოკუმენტის საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 90.4%-ით შემცირდა, ხოლო უშუალოდ ტურისტების ოდენობა - 85.8%-ით

 

კომენტარები