ალექსეი ნავალნი

ნავალნის ფონდი ბაიდენს პუტინთან დაახლოებული პირებისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს

ალექსეი ნავალნი
CNN

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირებისთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართა.

ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილში სულ 35 ადამიანი ჩამოთვლილი. წერილის თანახმად, სიიდან 7 ადამიანს უკვე აქვს დაწესებული აშშ-ს სანქციები. წერილში ასევე გამოყოფილია 8-კაციანი "პრიორიტეტული სია". გამოცემა CNN-ის თანახმად, რომელმაც წერილის ასლი მოიპოვა, "პრიორიტეტულ სიაში" შეყვანილია რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი.

"პრიორიტეტულ სიაში" ასევე მოხვდა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო. ანტიკორუფციული ფონდი მას ნავალნის მოწამვლის დაფარვასა და მოწამლული ოპოზიციონერის გერმანიაში გადაყვანისთვის ხელის შეშლაში სდებს ბრალს.

"პრიორიტეტულ სიაში" ასევე მოხვდა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო. ანტიკორუფციული ფონდი მას ნავალნის მოწამვლის დაფარვასა და მოწამლული ოპოზიციონერის გერმანიაში გადაყვანისთვის ხელის შეშლაში სდებს ბრალს.

ანტიკორუფციული ფონდის აღმასრულებელმა დირექტორის, ვლადიმირ აშურკოვის თანახმად, ფონდი მოუწოდებს ბაიდენს, გააძლიეროს წნეხი პუტინზე, რათა მან ნავალნი გაათავისუფლოს.

"წერილი გათვალისწინებულია ამერიკის შეერთებული შტატების, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს, პრეზიდენტისთვის. აშშ წარსულშიც უწესებდა სანქციებს ადამიანებს, რომლებიც კორუფციაში არიან ჩართული. ვინმეს თუ შეუძლია ამის გაკეთება, ეს აშშ-ა". – ამბობს აშურკოვი.

CNN-ის თანახმად, წერილში ხაზგასმულია, რომ ნავალნი წლების მანძილზე ითხოვს სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც პუტინს ეხმარებიან, ჩაახშოს მათი ხმა, ვისაც "საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოხატვა და რუსულ სისტემაში კორუფციის გამოაშკარავება სურს. წერილი აღნიშნავს, რომ არსებული სანქციები "საკმარისი" რაოდენობის ადამიანებს არ ეხება.

"დასავლეთმა უნდა დაუწესოს სანქციები გადაწყვეტილებათა მიმღებებს, რომლებმაც ეროვნულ პოლიტიკად აქციეს არჩევნების გაყალბება, ბიუჯეტიდან მოპარვა და ადამიანების მოწამვლა. დასავლეთმა ასევე სანქციები უნდა დაუწესოს ადამიანებს, რომლებიც მათ ფულს ინახავენ... სხვა ვერაფერი შეძლებს, რეჟიმს აიძულოს, თავისი ქცევა შეცვალოს". – წერია წერილში.

აშურკოვის თანახმად, ნავალნიმ და მან სიაზე მუშაობა გერმანიაში დაიწყეს. 35-კაციანი სია სამ ნაწილად არის დაყოფილი:

  • ოლიგარქები, რომლებსაც პუტინმა სიმდიდრე და ძალაუფლება მისცა, რომელსაც ისინი რეჟიმის სასარგებლოდ იყენებენ
  • პირები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს და ახშობენ ფუნდამენტურ სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებს
  • პირები, რომლებიც ჩართულები არიან ნავალნისა და მისი ორგანიზაციის დევნაში

"არ გვინდოდა სიის გასაჯაროება, სანამ ამ ადამიანებზე სრულ დოსიეს შევადგენდით, მაგრამ ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, ვიცოდით, უნდა გვემოქმედა". – თქვა აშურკოვმა.

ვლადიმირ აშურკოვის თანახმად, ნავალნის გუნდი გეგმავს, იმავე თხოვნით ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიმართოს.


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებითგამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი მიერ ჩატარებული გამოძიება პუტინის ფარულ ქონებაზე.

კომენტარები