დავითგარეჯის საქმე

რას ეყრდნობა პროკურატურა? – ივერი მელაშვილი საქმის დეტალებზე ვრცლად საუბრობს

რას ეყრდნობა გენერალური პროკურატურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წინააღმდეგ ბრალში? რატომ არ გამოიყენეს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ქართველმა წევრებმა ის რუკა, რომელიც თითქოს, რუსეთში მოღვაზე ბიზნესმენმა, დავით ხიდიშელმა აღმოაჩინა და საქმის სხვა დეტალები – ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა ამის შესახებ ვრცლად ისაუბრა TV პირველის ეთერში. 

"საკითხი მართლაც ძალიან სენსიტიურია. განსაკუთრებით სიფრთხილით ამას აზერბაიჯანული მხარე ეკიდება. ჩვენ უფრო თავისუფლად ვმსჯელობდით და განვიხილავდით ამ საკითხებს. საბჭოთა კავშირის დროსაც ისინი ძალიან სიფრთხილით განიხილავდნენ საზღვრების რუკაზე გატარებას, ხელმოწერას... თუმცა, ამ შემთხვევაში მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება ზუსტად ის არის, რომ წამოაყენო შენი ვარიანტი – დაიწყო მაქსიმალურიდან, რომ მიიღო სასურველი. მეორე მხარეც ასე უდგება. თუმცა, მათ ერთადერთი ამოსავალი აქვთ, ის არსებული საზღვრის ხაზი, რითიც საბჭოთა კავშირი დაიშალა. დაშლის დროს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობდა რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზი, რაც იმ პერიოდისთვის არსებობდა. 

ისინი აცხადებენ, რომ კი ბატონო, პარტნიორები არიან, მეზობლები და მეგობრები არიან, მაგრამ აქვთ თავისი რაღაც, რასაც რომ გადაუხვიონ, ეს საკითხი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს განხილული". 

რუკა 

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებებს ედავება. ბრალდების მხარის მტკიცებით, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ "რელევანტური დოკუმენტაცია უგულებელყვეს". საუბარია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები კომისიის სხვა წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. 

დოკუმენტი, რომელსაც პროკურატურა რელევანტურად მიიჩნევს, 1937 წელს გამოცემული 1:200 000-მასშტაბიანი რუკაა, რომელზეც დავითგარეჯის მონასტრის მონაკვეთი საქართველოს საზღვრებშია. პროკურატურის პოზიციით, მელაშვილი და ილიჩოვა ამ რუკას კომისიის წევრებს უმალავდნენ და განზრახ ხელმძღვანელობდნენ სხვა მასალით, რომელიც საქართველოსთვის წამგებიანი იყო.

თუმცა, არაერთი, მათ შორის ბრალდებულების ჩვენებების მიხედვით, მათ არათუ ინფორმაცია ჰქონდათ ამ რუკის შესახებ, ფლობდნენ კიდეც მას და გაანალიზების შედეგად დაადგინეს, რომ ის მოლაპარაკებების პროცესში უვარგისი იყო. 

სწორედ ამ რუკაზე საუბრობს ივერი მელაშვილი და განმარტავს, რატომ იყო ის გამოუსადეგარი: 

"თურმე, [პროკურატურამ] აღმოაჩინეს ახალი რუკა, რომლის მიხედვითაც, თურმე, რას ამბობთ და, ტერიტორიები იქით ყოფილა. რაღაც მონაკვეთებზე შეთანხმების პროცესში, რომლებიც ჩვენმა მხარემ შეათანხმა, იქ რაღაც დანაკარგი განიცადა თურმე საქართველომ. სინამდვილეში ასე არ არის. ეს არის საკითხისადმი აბსოლუტურად დილეტანტური მიდგომა. 

ბრალდების მხარე ემყარება იმას, რომ აღმოაჩინეს რუკა, რომელიც მანამდე უკვე აღმოჩენილი, ანალიზგაკეთებული და უვარგისობის გამო დაწუნებული, გადადებული იყო. ეს მათთვის აღმოჩენა იყო – ჩემთვის, ნატალიასა და სხვა წევრებისთვის კი ასე არ ყოფილა. 

საკითხს გადაწყვეტა უნდა მაგიდასთან. თუ რამეში ეჭვი გეპარება – მე ასე მივიჩნევ რუკას, შენ სხვანაირად – შესაძლებელია მაგიდასთან დაჯდომა და ამის განხილვა. 

ცალკე რუკა არაფერი არ არის. იმას გამყარება სჭირდება. გამყრებული უნდა იყოს სხვა მასალებით – ან მიწათსარგებლობის დოკუმენტით, ან დადგენილებით, რომ მოიპოვოს წონა. წარმოუდგენელია, რომ, როდესაც რაღაც რუკას აიღებ, ანალიზის გაკეთების გარეშე იქიდან ელემენტის ამოჭრა, სხვა რუკაზე გადატანა, რაღაც მაქინაციების გაკეთება, არსებულ სხვაობაზე საუბარი...

რუკა არის ქაღალდი, რომელზეც ადგილზე არსებული მდგომარეობა გადმოტანილია მასშტაბში. ეს არის ობიექტების – ხრამი, ღელე, მდინარე, ხიდი, გზა, საზღვრის ხაზი – დამოკიდებულება ერთიმეორესთან. თუ მარტივ ანალიზს გააკეთებ, ნახავ, რომ ეს ობიექტი არ ემთხვევა არც მეორე რუკაზე დახაზულ ობიექტს, ვთქვათ, რომელიმე გეოდეზიურ სიმაღლეს, ან ნიშნულს, ან არსებულ ხიდს ან მყარ ობიექტს. არ ემთხვევა, დაცილებულია სადღაც 400-500 მ-ით, ასევე სხვა ელემენტებიც... ეს ნიშნავს, რომ საქმისთვის უვარგისია, რადგან საზღვარიც ასევე ამ შეცდომებით არის დატანილი. იმიტომ, რომ ეს არის ერთი ქაღალდი, ფურცელი. არ შეიძლება მისი გადაწელვა. ვერ გააკეთებ ამას. რუკაა ჩვეულებრივად, ურთიერპროპორციებია..."

კომენტარები