კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

კობახიძე: ჩემი ინფორმაციით პატრიარქს კორონა დამართეს

ბასილ კობახიძე - პატრიარქი
თეოლოგი ბასილ კობახიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ კათოლიკოს პატრიარქს კორონა აქვს.
 
"ჩემი ინფორმაციით, პატრიარქს კორონა დამართეს. დიახ, დამართეს და ამაზე პირადად არის პასუხისმგებელი მოსაყდრე შიო. გაგანია პანდემიის დროს, ჯერ 7 იანვარს, შობის წირვაზე გამოიყვანა 80 წელს გადაცილებული პატრიარქი, შემდეგ 19 იანვარს ნათლისღებაზე, წირვის შემდეგ კი წყალკურთხევაც მას ჩაატარებინა. არც დისტანციას იცავდა ვინმე და უმრავლესობა პირბადესაც არ ატარებდა, მაგალითად, საპატრიარქოს პროტოკოლის უფროსი, ცნობილი კაგებეშნიკი დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი. დღეს კი დგანან ეს მეუფეები და ფარისევლურად პატრიარქის საჯანმრთელო წირვებს აღავლენენ. ჯერ კიდევ ათი თვის წინ ვყვიროდით მე და ჩემი მეგობრები, რომ მსოფლიო პანდემიის დროს რისკის ჯგუფის წინა ხაზზე მდგომ ასაკოვან ადამიანს გაფრთხილება სჭირდება. როდესაც მას ეს საფრთხე თვითონ არ ესმის, მაშინ მოსაყდრის პირდაპირი მოვალეობა იყო შესაბამისი. ტვინნაღრძობი საპატრიარქო ახლა მალავს ამ ფაქტს, რადგან მათი დოგმების მიხედვით თუ ილია მეორეს კორონა მიეკარა, ეს დიდი სირცხვილია და მაშინ ღმერთი არ არსებობს. უნამუსო მოსაყდრე შიო მუჯირს კი ეტყობა, ძალიან ეჩქარება საპატრიარქო ტახტზე აბობღება, რადგან არანაირი ზომები არ მიიღო მოხუცი პატრიარქის ჯანმრთელობის გასაფრთხილებლად, რაც, გავიმეორებ, მისი პირადი პასუხისმგებლობაა", - წერს კობახიძე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიამ, თავის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობის პარაკლისის გადახდის შესახებ.
 

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისთვის.

პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვიპასუხა: "შეთანხმდნენ, რომ [მღვდელნთავრები] იმსახურებენ ხოლმე დროდადრო პატრიარქის ჯანმრთელობას [-ისთვის ლოცვას]. არაფერი განსაკუთრებული".

კითხვაზე, როგორია კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეკანოზი ანდრია გვპასუხობს - "არაფერი, არაფერია ახალი, ნორმალურადაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ უკავშირდება. უბრალოდ, მათ, როგორც სულიერმა შვილებმა გამოხატეს ასეთი სურვილი, რომ ილოცონ მოძღვრისთვის, ასეთი სახით, ერთდროულად აღავლინონ წირვა".

კომენტარები