კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დღეს დადებითობა ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლები – 3,5%-ია

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვევების კლების დინამიკა ქვეყანაში გრძელდება და დღეს, ბოლო სამი თვის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია – 3.5%-ია. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"კლების დინამიკა ახალი შემთხვევების გრძელდება [...] ე.წ დადებითობის მაჩვენებელი დღეს ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია – 3,5%. ბოლო 7 დღეში გვაქვს 4,7%, ბოლო 14 დღეში – 5,8%. ბოლო 14 და 7 დღეს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ზოგადად, იანვარში არის 8% და ბოლო 30 დღის განმავლობაში 8,4%. შედარებითი მაჩვენებელი ამ დადებითობის პროცენტის ოქტომბერ-ნოემბერში და მოყოლებული ოქტომბერ-ნოემბრიდან, ყოველ ორკვირეულ შუალედში, დინამიკა საინტერესოა – 23 ოქტომბერი-5 ნოემბერი – 19%; 6-19 ნოემბერი – 24%, 20 ნომბერი-3 დეკემბერი, ეს იყო პიკი და გვქონდა 30%, ანუ თითქმის ყველა გატესტილი მესამე იყო დადებითი, შემდეგ,  4-7 დეკემბერი – 22%. 18-31 დეკემბერი – 14,5%. 1-14 იანვარი – 10,5%, 15-28 იანვარი საშუალო გვაქვს – 5, 8%". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 19 311 ტესტი, მათგან დადასტურდა ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა კიდევ 637 პაციენტი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 256 956 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 247 096 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 148 კი გარდაიცვალა.

კომენტარები