ეკონომიკა

რეკორდული ვარდნა 1946 წლის შემდეგ - 2020 წელს აშშ-ს ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა

გემი-ჰოსპიტალი თავისუფლების ქანდაკებასთან, ნიუ-იორკი, აშშ
მაიკ სეგარი / Reuters

2020 წელს მსოფლიოს უმხვილესი ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის ბიურო ავრცელებს.

გასულ წელს აშშ-ს ეკონომიკა პირველად შემცირდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მაშინ ქვეყნის მშპ 2.5%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, მეორეში რეკორდული 31%-ით შემცირდა, ხოლო მესამეში, ასევე, რეკორდული 33%-ით გაიზარდა, ხოლო წლის ბოლო კვარტალში მშპ კვლავ 4%-ით გაიზარდა. 

წინასწარი მონაცემებით გასული წლის მეოთხე კვარტალში აშშ-ში სამომხმარებლო ხარჯების ზრდის რეალური მაჩვენებელი წლიურ გამოსახვაში 2.5%-ით გაიზარდა. მესამე კვარტალში იმავე მაჩვენებელმა 41% შეადგინა. 

გასულ კვირას ცნობილი გახდა მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. 2020 წელს ჩინეთის ეკონომიკა 2.3%-ით გაიზარდა, ეს არის ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მაო ძედუნის სიკვდილისა და ქვეყანაში დენ სიაოპინის ინიცირებული ეკონომიკური რეფორმების შემდეგ. 

1976 წლის შემდეგ, ეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი ტემპია. ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წლიურად 6%-ს აღემატებოდა - 2017 წელს მშპ 6.8%-ით, 2018 წელს 6.6%-ით, 2019 წელს კი 6%-ით გაიზარდა. 

ზრდის ტემპის რეკორდული შემცირების მიუხედავად, ჩინეთს ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა აქვს მსოფლიოში, რომელმაც ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა.  გლობალური პანდემიისა და აშშ-სთან მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე ჩინეთის ეკონომიკა წლიურ მეოთხე კვარტალში დინამიკურად იზრდებოდა. თუკი პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, უკვე მეორე კვარტალში 3.2%-ით გაიზარდა, მესამეში - 4.9%-ით, ხოლო მეოთხეში - 6.5%-ით. 

ჩინეთს ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა აქვს, რომელიც გლობალური პანდემიის პირობებში არათუ არ შემცირდა, არამედ შთამბეჭდავად გაიზარდა. მეოთხე კვარტალში მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე, ჩინურ პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის მოსალოდნელ მაჩვენებელსაც გადააჭარბა. 

ლონდონში მდებარე ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, პანდემიის გამო ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ს  5 წლით ადრე, 2033 წლის ნაცვლად 2028 წელს გადააჭარბებს. კვლევის მიხედვით, ჩინეთი მშპ მოცულობით აშშ-ს ეკონომიკას 2028 წელს გადააჭარბებს. 

 

 

კომენტარები