დავითგარეჯის საქმე

ადვოკატი: არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მელაშვილი-ილიჩოვას დანაშაულს დაამტკიცებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

დავითგარეჯის საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე დაცვის პროცედურების მიმდინარეობას აჯამებენ. ადვოკატები მტკიცებულებების მოპოვების პერიოდს უთანასწოროს უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობას დაამტკიცებს.

"ეს არ იყო შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესი, ამ საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი სირთულე და უკანონობა, როგორიც იყო პირველივე ეტაპზე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებებზე სათანადო დაშვების შეზღუდვა. ასეთი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ შეზღუდვა ბრალდებულთან სათანადო შეხვედრის. ასევე სასამართლოს არაერთი უარი დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომ მოგვეპოვებინა მტკიცებულებები და ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არაჯანსაღი ჩართულობა ამ საქმეში, რამაც გააჭიანურა დაცვის მხარის ექსპერტიზის ჩატარების პროცესი. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ამ საქმეში, ფაქტობრივად, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც გამოდგება იმისთვის, რომ რაიმე ფორმით დანაშაულებრიობა დაამტკიცოს ამ ორი ადამიანის, თუმცა ასეთი ბუნებაშიც ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ". – თქვა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა

დღეს, 28 იანვარს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა ჩატარდება.  უფლებადამცველების თქმით, ისინი დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ. 

სხდომის პარალელურად სამოქალაქო მოძრაობები დაკავებულების მხარდამჭერ აქციას გამართავენ. აქცია, რომლის ორგანიზატორებიც სამოქალაქო მოძრაობები სირცხვილია და რუსეთი ოკუპანტია არიან, საქალაქო სასამართლოსთან 14:00 საათზე დაიწყება.


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები