დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი-ილიჩოვას სხდომის პარალელურად სასამართლოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართება

27 იანვარს წინასასამართლო სხდომის პარალელურად სამოქალაქო მოძრაობები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციას გამართავენ. 

აქცია, რომლის ორგანიზატორებიც სამოქალაქო მოძრაობები სირცხვილია და რუსეთი ოკუპანტია არიან, საქალაქო სასამართლოსთან 14:00 საათზე დაიწყება. 

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგვიანებით გმირად შერაცხული დავით ხიდაშელის დახმარებით, ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანია ააგორა და მის განსახორციელებლად ქვეყნის ერთგული მოქალაქეები - ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ციხეში გამოკეტა. ისინი არც პოლიტიკოსები ყოფილან, არც ყოფილი მაღალჩინოსნები და არც აქტივისტები, თუმცა, როდესაც სისტემა მიზანს ისახავს, მისი მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს.

როგორც ციხეში უსამართლოდ გამოკეტილმა ნატალია ილიჩოვამ თქვა, მას ყველაფერი ეს შეცდომა ეგონა და ელოდა, რომ ბოდიშს მოუხდიდნენ. ასე ჰგონიათ პატიოსან ადამიანებს. მათ, ვისაც არაფერი დაუშავებიათ და უდიდეს უსამართლობას საკუთარ თავზე ცდიან. თანაც, კარტოგრაფებისთვის წაყენებული ბრალი უმძიმესია - მათ სამშობლოს ღალატს აბრალებენ.

თითოეული დღე, რომელსაც ნატალია და ივერი ციხეში ატარებენ, თანმდევი დაავადებები და სტრესი საფრთხის ქვეშ აყენებს მათ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას და სანამ სახელისუფლებო პროპაგანდა დავით გარეჯის თემით მანიპულირებს, სამშობლოს ერთგული, ღირსეული ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან.

ივერისა და ნატალიას პატიმრობა ქვეყნის სირცხვილია. ამიტომ, 28 იანვარს 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოს ეზოში გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს და შევახსენოთ საკუთარ თავსაც, რომ თავისუფლებისთვის ომში მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ!" – წერია ღონისძიების აღწერაში. 


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

კომენტარები