ეკონომიკა

"ვაჭრობა სწრაფად აღდგება"- მთავრობამ მოლებს ქონების გადასახადის შეღავათზე უარი უთხრა

განახლდა:

მთავრობამ არ დააკმაყოფილა სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების მოთხოვნა ქონების გადასახადის შეღავათთან დაკავშირებით. პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების ქონების გადასახადი გადაუვადა, ხოლო მოგვიანებით საერთოდ ჩამოაწერა. 

გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს, ქონების გადასახადთან დაკავშირებით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები მთავრობისგან თითქმის ნახევარი წელია, ითხოვენ. როგორც სავაჭრო მოლების წარმომადგენლები ამბობენ, ობიექტები 5 თვის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა, აქედან გამომდინარე ქონების გადასახადის სრულად გადახდა არასამართლიანი იქნებოდა, განსაკუთრებით შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე. 

თხოვნების მიუხედავად, მთავრობამ სავაჭრო ცენტრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მთავრობის გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. 

"საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბარი არ არის. შეგახსენებთ, რომ ვაჭრობა არის ის სფერო, რომელიც ყველაზე სწრაფად აღდგება და წინასაახალწლო პერიოდშიც ვამუშავეთ. შესაბამისად სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან დაკავშირებით მათ ძალუძთ, რომ მოიკრიბონ ძალები და საკუთარი რესურსით გააგრძელონ საქმიანობა". – ამბობს ნათია თურნავა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგია არის იმის გარანტია, რომ პირობითად 1 თვეში ისევ არ გახდება საჭირო შეზღუდვების ხელახლა დაწესება.

"ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას, თუნდაც არასასურსათო. აქედან გამომდინარე, რიგში პირველი არის ეს ბიზნესი, გვინდა, ვიყოთ მაქსიმალისტები, ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამ შესაძლებლობას მოკლებულები ვართ, იმიტომ, რომ ეტაპობრიობა და მთელი ნაბიჯები არის გარანტია, იმისა, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს კიდევ ჩაკეტვა". – ამბობს თურნავა. 

 

კომენტარები