კორონავირუსი და შეზღუდვები

ცქიტიშვილი: 1-ლი თებერვლიდან ზამთრის კურორტების მუშაობის აღდგენას ვერ ვახერხებთ

საქართველოს მთავრობა

"პირველი თებერვლიდან ზამთრის კურორტების მუშაობის აღდგენას ვერ ვახერხებთ"- ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სათხილამურო კურორტებზე ბევრი ხალხი ჩადის, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს შეუწყობს. 

"სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა და ერთდროულად კონცენტრირება არის სწორედ ის ყველაზე მაღალი საფრთხე, რაც იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას კურორტებზე. სწორედ ეს არის მიზეზი". - ამბობს ცქიტიშვილი. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. 

პირველი აქცია 24 იანვარს ჩატარდა, მაშინ მომიტინგეებმა მთავრობას 48-საათიანი ულტიმატუმი წარუდგინეს. ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს. 

1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება სავაჭრო მოლები, თუმცა, ღია რესტორნები მხოლოდ აჭარის რეგიონში. ასევე, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში დახურული რჩება სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი და სამთო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები. ღია და დახურული ბაზრობები მხოლოდ 15 თებერვლიდან დაიწყებენ ფუნქციონირებას. კვლავ აკრძალულია საქალაქთშორისო გადაადგილება. ამის გამო, რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით.

კომენტარები