ჰოლოკოსტი

27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა - ისტორია ფოტოებში

ჰოლოკოსტი

27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა - ისტორია ფოტოებში

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 27 იანვარი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების დღე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ დაწესდა.

2021 წელს ოსვენციმის გათავისუფლებიდან 76 წელი გადის. ჰოლოკოსტის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელის მოსაგონებლად გაიმართება ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და აშშ-ს ლიდერები და ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანები. ვირტუალური ცერემონია საქართველოს დროით 22:00-ზე დაიწყება და მას შეგიძლიათ, პირდაპირ ეთერში უყუროთ აქ.

ტაბულა კი გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც მსოფლიო ისტორიაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ყველაზე საზარელი დანაშაულის ქრონოლოგიას ასახავს.

გაფრთხილება: მასალა შეიცავს მძიმე კადრებს

ნაცისტური პროპაგანდისტული პლაკატი წარწერით "ჩვენი ბოლო იმედი - ჰიტლერი" 1932 წლის არჩევნების დროს მოსახლეობას მოუწოდებდა ხმა ჰიტლერისთვის მიეცათ

1932 წლის არჩევნების პოსტერი ჰიტლერისა და ჰინდენბურგის გამოსახულებით და წარწერით "იბრძოლეთ ჩვენთან ერთად მშვიდობის და თანასწორი უფლებებისთვის"

1933 წელს ქალაქ დაჰაუს გარეუბანში გაიხსნა პირველი ნაცისტური საკონცნტრაციო ბანაკი. თავდაპირველად აქ პოლიტიკურ პატიმრებს გზავნიდნენ და იძულებითი შრომისათვის იყენებდნენ, მოგვიანებით დაჰაუ სიკვდილის ბანაკად იქცა, სადაც გადაჰყავდათ ებრაელები, პოლონელები, კომუნისტები, იეჰოვას მოწმეები, მღვდლები, ჰომოსექსუალები და სხვა "არასასურველი" ჯგუფების წარმომადგენლები. ჯამში მხოლოდ ამ ბანაკში 41 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

SS-ის მცველები დაჰაუში, 1933 წელი

1933 წლის მარტში მიიღეს კანონი, რომელიც კანცლერს, ანუ ჰიტლერს უფლებას აძლევდა პრეზიდენტისა და პარლამენტის ჩარევის გარეშე მიეღო კანონები და შეეცვალა კონსტიტუცია

1933 წლის აპრილში დაიწყო ნაცისტების მხრიდან ებრაული ბიზნესების ბოიკოტი. ფოტოზე ნაცისტური პარტიის ნახევრად სამხედრო ფრთის წევრებს უჭირავთ პლაკატები წარწერით "გერმანელებო, დაიცავით თავი! არ იყიდოთ ებრაელებისგან"

1935 წლის ნიურნბერგის ყრილობა, როდესაც მიიღეს ანტისემიტური კანონები, რომლებიც ებრაელებს რაიხის მოქალაქეობას ართმევდა, გერმანელებთან ქორწინებას უკრძალავდა და საზოგადოებიდან რიყავდა

ჰოლოკოსტის მთავარი არქიტექტორი, ჰაინრიხ ჰიმლერი დაჰაუში, 1936 წელი

1938 წლის 9-10 ნოემბერს მოეწყო ე.წ. ბროლის ღამე, როდესაც ნაცისტური ნახევრადსამხედრო ფრთის წევრები თავს დაესხნენ სინაგოგებს, ებრაელთა კუთვნილ მაღაზიებს და ებრაელების სახლებს.

გერმანიის მასშტაბით გაანადგურეს 267 სინაგოგა, დააკავეს და საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს 30 000 ებრაელი

1939 წლის 30 იანვარს ჰიტლერმა რაიხსტაგში გამოსვლისას თქვა, რომ ახალი მსოფლიო ომის დაწყებას ევროპაში ებრაელების განადგურება მოჰყვებოდა. 1942 წლიდან დაიწყო ნაცისტების მიერ შემუშავებული "ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტის" გეგმის აღსრულება, რაც ნაცისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ებრაელთა გენოციდის მოწყობას გულისხმობდა

1939 წელს ნაცისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრის შემდეგ ებრაელები გეტოებში გადაასახლეს

ბავშვები ლოძის გეტოში, 1940 წელი

ვარშავის გეტო, 1942 წელი

მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები ვარშავის გეტოში

1942 წლის ნაცისტური პროპაგანდისტული პლაკატი წარწერით "მტრის ძალების უკან ებრაელი დგას"

დეპორტაცია ვარშავის გეტოდან

1942 წელი, ებრაელები აჰყავთ ჰოლოკოსტის მატარებელში, რომლითაც მათ საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანენ

1943 წლის აპრილში ვარშავის გეტოში წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობისას ნაცისტებმა გაანადგურეს შენობების უმეტესობა, დაანგრიეს ვარშავის სინაგოგა, მოკლეს ან საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს 56 000-ზე მეტი ადამიანი. გეტოს ადგილას ვარშავის საკონცენტრაციო ბანაკი აშენდა.

1941-45 წლებში სიკვდილის ბრიგადებმა 1.3 მილიონამდე ებრაელი მოკლეს

საკონცენტრაციო ბანაკებში მოთავსებულებს კლავდნენ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის იყო იძულებითი მძიმე შრომა. ფოტოზე ასახულია მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი ავსტრიაში, ე.წ სიკვდილის კიბეები, პატიმრებს 186 საფეხურზე უნდა აეტანათ გრანიტის მძიმე ბლოკები

ოსვენციმის ბანაკი, 1944 წელი, ქალები გაზის კამერაში გადაჰყავთ. ეს ერთ-ერთია ოსვენციმის ბანაკში მალულად გადაღებული ფოტოებიდან

ოსვენციმის ბანაკში მალულად გადაღებული ფოტო. სავარაუდოდ, გაზის კამერის კარიდან ჩანს როგორ ხდება დახოცილთა კრემაცია

დაჰაუს სიკვდილის მატარებელი

ექიმი ფრიც კლაინი დგას ბერგენ-ბელზენის ბანაკის საერთო საფლავში 1945 წელს ბრიტანელების მიერ ბანაკის გათავისუფლების შემდეგ

ოსვენციმის ბანაკში მოთავსებული ბავშვები. ყველაზე დიდ საკონცენტრაციო ბანაკში 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს.

1945 წელი, დაჰაუს პატიმრები ამერიკელ ჯარისკაცებს ეგებებიან

1945 წელი, დაჰაუს პატიმრები გათავისუფლების შემდეგ

1946-1947 წლებში ნიურნბერგში გამართულ სასამართლოზე, ე.წ. ექიმების პროცესზე გაასამართლეს 23 პირი საკონცენტრაციო ბანაკების პატმრებზე სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარების გამო

1968 წელს დაჰაუში მემორიალი აღიმართა. მისი ავტორი ნანდორ გლიდი თავად გადაურჩა ჰოლოკოსტს, მისი ოჯახის წევრები კი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დახოცეს

 

კომენტარები