იტალია

იტალიის პრემიერმინისტრი გადადგომას და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს

ჯუზეპე კონტე

იტალიის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. კონტეს სურს, შექმნას ახალი სამთავრობო კოალიცია და ამისათვის მოქმედ მთავრობას დაშლის, შემდეგ კი ახალი მთავრობის ფორმირების მანდატს ითხოვს.

მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა დღეს, 26 იანვარს არის დანიშნული. კონტეს ოფისში განაცხადეს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გააცნობს ის მინისტრებს გადადგომის გეგმას.

მოქმედი კოალიციური მთავრობა დაშლის პირას მას შემდეგ მივიდა, რაც მატეო რენცის პარტია გამოეყო. მას შემდეგ კონტემ შეძლო დარჩენილი, უმცირესობის მთავრობისათვის პარლამენტის ორივე პალატაში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება, თუმცა პარლამენტის ზედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა, რაც სამომავლოდ საკამათო კანონმდებლობის მხარდაჭერის მოპოვებას გაურთულებს.

მიმდინარე კვირას პარლამენტში სასამართლო რეფორმების განხილვაა დაგეგმილი. ექსპერტების აზრით, არსებული მხარდაჭერით კონტეს მთავრობა რეფორმების გატანას ვერ შეძლებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვისთან გეგმავს მოლაპარაკებებს კონტე სამთავრობო კოალიციაში შესვლაზე. რენციმ აღნიშნა, რომ შესაძლოა, კოალიციაში დაბრუნდეს, თუ კონტე მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ყოფილი პრემიერმინისტრის, მატეო რენცის პარტიამ კოალიცია კორონავირუსის და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების სტრატეგიებზე უთანხმოების გამო დატოვა. რენცის თქმით, კონტემ პანდემია ძალაუფლების ცენტრალიზებისათვის გამოიყენა და არ აკეთებს საკმარისს განათლების, ინფრასტრუქტურისა და კორონავისურთან გამკლავების თვალსაზრისით. მისი პარტია ეწინააღმდეგება კონტეს მთავრობის გეგმას ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 209 მილიარდი ევროს დახარჯვის თაობაზე.

მატეო რენცის პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბებამდე, 2018 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი სამთავრობო კოალიცია, რომელსაც სათავეში ჯუზეპე კონტე ჩაუდგა, შედგა 5 ვარსკვლავის მოძრაობასა და ჩრდილოეთის ლიგას შორის. ევროკომისიის პრეზიდენტისა და ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებზე უთანხმოების შედეგად ეს კოალიცია 2019 წელს დაიშალა. ამის შემდეგ 5 ვარსკვლავის მოძრაობამ კოალიცია შექმნა დემოკრატიულ პარტიასთან. მალევე რენციმ დემოკრატიული პარტია დატოვა და Italia Viva ჩამოაყალიბა.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება განსაზღვრულ დროში ვერ მოხერხდება, იტალიაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს, 5 ვარსკვლავის მოძრაობასა და დემოკრატიულ პარტიას ვადამდელი არჩევნების თავიდან აცილება სურთ, რადგან, უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვებას მემარჯვენე პარტიები, ბერლუსკონის Forza Italia და სალვინის ჩრდილოეთი ლიგა მოიპოვებენ. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ კონტე ახალი კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს, მათ, შესაძლოა, პრემიერმინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატი წარადგინონ.

კომენტარები