COVID-19-ის ვაქცინა

ადრეული კვლევებით, Moderna-ს ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგაც ეფექტიანია

ფარმაცევტული კომპანია Moderna- თანახმად, მის მიერ შემუშავებული ვაქცინა კორონავირუსის უფრო გადამდები შტამების წინააღმდეგაც ეფექტიანია.

ადრეული ლაბორატორიული კვლევების თანახმად, ანტისხეულები, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმი გამოიმუშავებს, ცნობენ ვირუსის ახალ შტამებს და შეუძლიათ მათან ბრძოლა.

იმის დასადასტურებლად, რომ ახალი შტამების წინააღმდეგ ვაქცინა ნამდვილად ეფექტიანია, აცრილ ადამიანებში დამატებითი კვლევებია საჭირო.

კორონავირუსის ახალი შტამები, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა, რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა. ვირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რის შემდეგაც ახალი შტამები უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი ვერსია, რომელმაც პანდემია დაიწყო. ექსპერტების აზრით დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია.

ვაქცინები, რომლებიც ამ დროისთვის არსებობს, ძველ ვარიანტზე დაყრდნობით იყო შემუშავებული. მეცნიერები თვლიან, რომ ისინი ახალი შტამების წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება, თუმცა შესაძლოა ეფექტიანობის მაჩვენებელი ნაკლები იყოს.

Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობის კვლევისთვის მკვლევარებმა შეამოწმეს Moderna-ს ვაქცინის ორი დოზით აცრილი რვა ადამიანის სისხლის ნიმუშები. ანტისხეულები, რომლებსაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს, უკავშირდება ვირუსს და ხელს უშლის მას შეაღწიოს უჯრედებში და ამგვარად ახდენს ვირუსის ნეიტრალიზებას. ლაბორატორიული კვლევის პირობებში სისხლის ნიმუშებში არსებული ანტისხეული საკმარისი აღმოჩნდა ვირუსის ახალი შტამების ნეიტრალიზებისთვისაც.

კვლევა ამ ეტაპისთვის ფართო სამეცნიერო საზოგადოებას ჯერ არ განუხილავს, თუმცა ის იძლევა იმ დაშვების საშუალებას, რომ ვაქცინაციით გამომუშავებული იმუნიტეტი კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგაც იმუშავებს.

ინფორმაცია მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით.

კომენტარები