მეათე მოწვევის პარლამენტი

მდინარაძე: ოპოზიციას დებატების დრო 15 წუთამდე ეზრდება, ელისაშვილიც წუხდა ამაზე

ტაბულა

"ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, შეეძლებათ, უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში". – ამის შესახებ ბრიფინგზე ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ოპოზიციას საპარლამენტო დებატებში დრო 15 წუთამდე გაეზრდება. რეგლამენტში ცვლილება მხოლოდ მე-10 მოწვევის პარლამენტში იმუშავებს.

"ამასთან დაკავშირებით ევროპელ სოციალისტებს ჰქონდათ გარკვეული  წინადადებები, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მანამდე იყო პრინციპში ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მათ გამოსვლებისთვის დრო განესაზღვროთ 15 წუთით". – თქვა მდინარაძემ.

60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს 2 თებერვალს უყრის.

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მათგან სამს - ფრიდონ ინჯიას, გოჩა ენუქიძესა და დავით ზილფიმიანს მანდატები პარტიის იმ ლიდერების ნაცვლად ერგოთ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ხოლო მეოთხე - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს. ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკებებს მართავენ. 

კომენტარები