ალექსეი ნავალნი

"ჩემი სული და გული ხარ, ყოველთვის ვიბრძოლებ შენთვის" — იულია ნავალნაიას წერილი ქმარს

ალექსეი ნავალნი და იულია ნავალნაია.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, დაწერა წერილი, სადაც თავისი ქმრის გაცნობის შესახებ ყვება და, ასევე, ასახელებს მიზეზებს, რატომ აპირებს ხვალინდელ აქციაზე გასვლას.

იულია ნავალნაიას წერილს, რომელსაც ის ალექსეი ნავალნის უძღვნის, ბორის აკუნინი ავრცელებს.

"მე ცხოვრებაში ორჯერ გამიმართლა, ეს იგივეა, რომ ერთ დღეში ლატარია ორჯერ მოიგო. 22 წლის წინ მე შევხვდი არა მხოლოდ ჩემს ერთადერთ სიყვარულს, არამედ ჩემს საუკეთესო მეგობარს. მე და ალექსეი ერთმანეთს მაშინ შევხვდით, როდესაც ორივე 22 წლის ვიყავით და, მიუხედავად იმისა, რომ თანატოლები ვართ, ის მალევე გახდა ჩემი ცხოვრების ორიენტირი. ის ძლიერი, თავდაჯერებული, ბრძენი და მოწესრიგებულია. ის ყოველთვის სიმართლის მხარესაა. კიდევ ის დაუჯერებლად მამაცია.

მასთან ყოფნის წლების გათვალისწინებით, სხვანაირად ვერ მოვიქცევი. შაბათს, 23 იანვარს, მე გამოვალ მოსკოვის ცენტრალურ ქუჩაზე - ჩემ გამო, მის გამო, ჩვენი შვილების გამო, იმ ფასეულობებისა და იდეალების გამო, რომლებსაც ვიზიარებთ. გამოვალ იმ ადამიანის გამო, რომელიც დამეხმარა, გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ. გამოვალ გასაოცარი, ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსის გამო, რომელიც ყველაფრის მიუხედავად რუსეთს უკეთესს ხდის. გამოვალ იმ ბიჭის გამო, რომელიც სასაცილოდ ხუმრობს Twitter-ზე და ატარებს მაგარ გამოძიებებს. გამოვალ უშიშარი, მამაცი ადამიანის გამო, რომელსაც წამლავენ და კლავენ და, მიუხედავად ამისა, ის არასდროს ნებდება. გამოვალ იმ ადამიანის გამო, რომელიც ძალიან მიყვარს.

ეს აბსოლუტური ბედნიერების 22 წელია. ლიოშა, შენ ჩემი სული და გული ხარ და ყოველთვის ვიბრძოლებ შენთვის". - წერს იულია ნავალნაია.

23 იანვარს მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციის გამართვა იგეგმება. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთვის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვალს დაიწყება.

კომენტარები