კორონავირუსი და შეზღუდვები

სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები - სად და როგორ აღდგება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი

thedailysheeple.com

1-ელი თებერვლიდან სასწავლო პროცესი ბათუმის, თელავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის სკოლებში განახლდება. დასწრებული სწავლება ყველა კლასს შეეხება.

ქვეყანაში რჩება სამი დიდი ქალაქი, სადაც მოსწავლეები, მინიმუმ, ერთი თვით ისევ დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან - თბილისი, რუსთავი და ქუთაისი. იქ სასწავლო პროცესის განახლება 1-ელ მარტამდე არ იგეგმება.

"დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 15 თებერვალს მოხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეფასება ეპიდსიტუაციის და, თუ 7 დღის ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა 4%-მდე, შემდეგი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება" - თქვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის ინფორმაციითვე, იმ სკოლებში, სადაც სწავლება აღდგება, მასწავლებლებს რეგულარულად, ორ კვირაში ერთხელ გატესტავენ კორონავირუსზე.

"ეს იქნება სავალდებულო" - ამბობს ჩხენკელი და აღნიშნავს, რომ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ მარტამდე შენარჩუნდება. შემდეგ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო კვლავ ეპიდსიტუაციის შეფასების შემდეგ მიიღებს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გასული წლის მარტში გადავიდა. ახალ სასწავლო წელს კი სკოლები მხოლოდ დაწყებით კლასებში, რამდენიმე ქალაქში გაიხსნა. 

28 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ ნაწილს შეეხო.

18 იანვარს,  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყო ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს.  

დანარჩენ ქალაქებსა და სოფლებში კი, 18 იანვარს მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდა.  განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება "პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ".

კომენტარები