ალექსეი ნავალნი

ევროპარლამენტი ნავალნის დაპატიმრებაზე: NordStream 2-ის მშენებლობა უნდა შეწყდეს

ალექსეი ნავალნი
Der Spiegel

ევროპარლამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 581-მა პარლამენტარმა დაუჭირა. დოკუმენტში ნავალნი პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ არის მოხსენიებული. ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, კრიტიკულად გადახედონ რუსეთთან თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა პლატფორმაზე და სხვადასხვა პროექტთან მიმართებით, როგორიცაა ჩრდილოეთის ნაკადი 2, რომლის დასასრულებლად სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს". – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციის განხილვის დროს პარლამენტარების ნაწილს სურდა, დოკუმენტიდან ჩრდილოეთის ნაკადთან დაკავშირებული პუნქტი ამოღო, თუმცა ჩრდილოეთის ნაკადის შეჩერების მოწოდების რეზოლუციაში შენარჩუნებას ევროპარლამენტარებმა 449 ხმით 136-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

"ევროპარლამენტის 449 წევრმა დაუჭირა მხარი ნავალნის რეზოლუციაში ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დაუყოვნებლივ შეჩერებას. ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება ევროპისთვის კრემლზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად". – წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

ევროპარლამენტმა ნავალნის დაკავება რუსეთის ფედერაციის "პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიად" შეაფასა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნავალნის დაკავება და ზაფხულში მისი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლა გამიზნულია რუსეთში კორუფციული რეჟიმისთვის ფარდის ახდისთვის ხელის შესაშლელად.

რეზოლუციაში ნავალნი მოხსენიებულია "წამყვან რუს პოლიტიკოსად, იურისტად და ანტიკორუფციულ აქტივისტად", რომელიც "რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ლიდერი" გახდა, ხოლო კორუფციულ და პოლიტიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული გამოძიებებმა ნავალნი რუსეთის ფედერაციისა და ვლადიმირ პუტინის "ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოწინააღმდეგედ" აქცია.

ნავალნის დაკავების საპასუხოდ ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, დაეკავებინა აქტიური პოზიცია და მნიშვნელოვნად გაეძლიერებინა შემზღუდავი ზომები რუსეთთან მიმართებაში. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს "ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გადაწყვეტილებასთან". გარდა ამისა, ევროპარლამენტარების აზრით, ევროკავშირმა უნდა მიიღოს სანქციების ახალი რეჟიმი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ნავალნიზე თავდასხმაზე არიან პასუხისმგებელი.

რეზოლუცია ითხოვს, დაუწესდეს სანქციები "რეჟიმთან დაკავშირებულ რუს ოლიგარქებს და პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირებს, ასევე მედიაპროპაგანდისტებს", რომლებსაც ევროკავშირი ქონება აქვთ და თავისუფლად გადაადგილდებიან მის ტერიტორიაზე. "ევროკავშირი აღარ უნდა იყოს სტუმართმოყვარე გაურკვეველი წარმოშობის რუსული ქონების მიმართ". – ვკითხულობთ რეზოლუციაში.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

კომენტარები