2008 წლის აგვისტოს ომი

"საქართველოს სამართლებრივი მიზანი მიღწეულია" – ბურჯალიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც შევიდა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, დღეს, 21 იანვარს სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ტაბულასთან საუბრობს. 

თინა ბურჯალიანის შეფასებით, სამართლებრივი მიზანი, რომელიც საქართველოს მთავრობას ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის დროს, მიღწეულია. 

"დიახ, სამართლებრივი მიზანი მიღწეულია. ევროსასამართლომ დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი ანუ ქართული ტერიტორიის ოკუპაცია, ასევე დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველების გამოდევნაში და მათი უკან დაბრუნების ხელშეშლაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს დარღვევები განხორციელდა როგორც “ადმინისტრაციული პრაქტიკა”, კარგად დაგეგმილი პოლიტიკის შედეგი. სასამართლომ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევებიც დაადგინა, როგორიც არის ქართველი სამხედრო ტყვეების წამება, სამოქალაქო პირების უკანონო თავისუფლების აღკვეთა და არაჰუმანური მოპყრობა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა". – ამბობს თინა ბურჯალიანი. 

კითხვაზე, რამდენად პრობლემურია საქართველოსთვის ის, რომ სასამართლომ არ დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი და, შესაბამისად, იურისდიქცია აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე პასუხობს: 

"ტერიტორიის ეფექტური კონტროლი არის სასამართლოსთვის კონვენციის თანახმად პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსტრატერიტორიული იურისდიქციის შემთხვევებში, როგორიც რუსეთის პასუხისმგებლობაა საქართველოს დე იურე ტერიტორიაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ დროს ხდებოდა სწორედ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებისთვის ბრძოლა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი რჩებოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულების ქვეშ ომის მიმდინარეობისას და ასევე ვალდებული იყო, გამოეძიებინა მის მიმართ არსებული ბრალდებები შეირაღებული მოქმედებების მიმდინარეობის დროს სიცოცხლის უფლების დარღვევებზე". 

ტაბულას კითხვაზე, რა გავლენა ექნება ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის შესახებ მიმდინარე სხვა დავებზე, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე დავაზე, თინა ბურჯალიანი პასუხობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლოები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებს წყვეტენ, სტრასბურგის გადაწყვეტილება მაინც საყურადღებო იქნება მათთვის. 

"ICC-ში განიხილება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხები ომის სამართლის/საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და რომის სტატუტის დარღვევებისათვის, მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მსჯელობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. თუმცა, ვინაიდან ეს საქმეები ერთი და იგივე ფაქტობრივ გარემოებას ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ყურადღებით წაიკითხავენ ჰააგაში.

მაგალითად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი იძიებს სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი გამოდევნის საქმეს. ევროსასამართლომ უკვე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია ქართველების გამოდევნაში და ხელს უშლის მათ უკან დაბრუნებას". – ამბობს თინა ბურჯალიანი. 

12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში დააკისრა პასუხისმგებლობა.  ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები