2008 წლის აგვისტოს ომი

რას ნიშნავს ეფექტური კონტროლი – ბესარიონ ბოხაშვილის განმარტება

12-წლიანი დავის შემდეგ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველომ რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა, რუსეთის მიერ ომის დროს რიგი დარღვევების გამოვლენას ეხებოდა. 

სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის დარღვევა ყველა ძირითად მუხლზე დაადგინა, თუმცა, 8-12 აგვისტოს შუალედში, როდესაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, სასამართლომ არ დაადგინა რუსეთის იურისდიქცია. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთს არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი და, შესაბამისად, არ არსებობდა მისი იურისდიქცია კონვენციის მიზნებისთვის და მას ამ პერიოდისთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. 

რას ნიშნავს ეფექტური კონტროლისა და იურისდიქციის განხორციელება და რა მნიშვნელობა აქვს ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, ამის შესახებ ტაბულას ვრცლად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ბესარიონ ბოხაშვილი ესაუბრა: 

"სამწუხაროდ, როგორც ვნახეთ, ევროპულმა სასამართლომ ეფექტიანი კონტროლი და, შესაბამისად, კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია არ დაადგინა აქტიური კონფლიქტის ფაზაში, რომელიც იყო 2008 წლის 8-12 აგვისტო. 

ზოგადად, ადამიანური ენით რომ ავხსნათ, რას ნიშნავს ეფექტიანი კონტროლი? ეფექტიანი კონტროლი პირველად ევროპულმა სასამართლომ ძალიან ცნობილ საქმეში, იქნება ეს ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ, ხოლო შემდგომში კვიპროსის საქმეში თურქეთის წინააღმდეგ, განმარტა შემდეგნაირად: იმისათვის, რათა ეფექტიანი კონტროლი იყოს დადგენილი პასუხისმგებლობის კუთხით, სამი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა არსებობდეს. პირველი, უცხო ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის სამხედრო ორგანოები უნდა აკონტროლებდნენ კონკრეტულ ტერიტორიას გარკვეული ვადის განმავლობაში. მეორე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ისევე, როგორც ჩვეულებრივი თვითმმართველობის განხორციელება, უნდა ხდებოდეს უცხო სახელმწიფოს ან მისი აქტიური ჩარევით და მესამე, ის დეფაქტო ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ გარკვეულ მმართველობას, ძალიან დიდ მხარდაჭერას უნდა პოულობდნენ, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, თუ სხვა სახის კონკრეტული სახელმწიფოსგან. ეს თქვა ძირითადად ლუიზიდუს საქმეში. 

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც სასამართლომ დააზუსტა, რას ნიშნავს ეფექტიანი კონტროლი, ეს იყო ცნობილი "ბანკოვიჩის და სხვების საქმე" ბელგიისა და NATO-ს ხელშეკრულების სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამ საქმეში კონკრეტული პირები ამტკიცებენ, რომ მაშინ, როდესაც მოხდა ბელგრადის დაბომბვა 1990-იან წლებში NATO-ს სახელმწიფოების მიერ, რომლებიც ამავე დროს იყვნენ ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ დაარღვიეს კონვენციის ცალკეული მუხლები, მათ შორის სიცოცხლის უფლება, რადგანაც ჩამოგდებული ბომბების შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი. ევროპულმა სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა – ეფექტიანი კონტროლისთვის საკმარისი არ არისო მხოლოდ და მხოლოდ საჰაერო კონტროლის განხორციელება, არამედ აუცილებელია, რომ იურისდიქციისა და ეფექტური კონტროლის დასამტკიცებლად გარკვეული ვადის განმავლობაში მიწაზე აუცილებლად უნდა იყოს სამხედრო შენაერთი ან ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გარკვეული კონტროლის განხორციელებაო და გარკვეულწილად შეზღუდა ეფექტიანი კონტროლის ცნება მიწაზე არსებული კონტროლით. 

ერთერთ უახლეს გადაწყვეტილებაში, რომელიც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში გამოიტანეს, მაგალითად, ცნობილ ალ სკეინის საქმეში გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ გაერთიანებული სამეფო პასუხისმგებლად ცნო იმ კონკრეტულ ეფექტიან კონტროლის განხორციელების საქმეში, რომელსაც იგი ახორციელებდა ერაყის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ გარკვეულ ნაწილში სწორედაც რომ გაერთიანებული სამეფოს ჯარები ახორციელებდნენ, როგორც მმართველობით, ასევე პოლიციურ ფუნქციებს. 

ჩვენს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან განმარტებაში ეფექტიან კონტროლზე მითითებული აქვს 126-ე და 137-ე მუხლები. სასამართლო ამბობს, რომ ამ ე.წ ძალიან ცხარე კონფლიქტის დროს, მაშინ, როდესაც სრული ქაოსიაო და კონკრეტულ ადგილზე კონტროლი ხან ერთი საჯარისო ფორმირების, ხან მეორე საჯარისო ფორმირების ხელშიაო, მე არ შემიძლია, რომ დავადგინო რომელიმეს იურისდიქცია ადგილზეო. შესაბამისად, სასამართლო წერს, რომ ვერ მიაწერს რუსეთის ფედერაციას, რომ იგი ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა განსაკუთრებით საომარი მდგომარეობის დროს. იმიტომ, რომ მიწაზე კონკრეტული ვადით მყარი კონტროლის განხორციელების დადგენა, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, სამწუხაროდ, შეუძლებელიაო. 

აქედან გამომდინარე, იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სამწუხაროდ, სასამართლომ ეს ყველაფერი ვერ დაინახა. 

უკვე 12 აგვისტოს შემდეგ კი, მოსამართლეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბრძანა, რომ უკვე მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებები აღარ იყო, არსებულ სიტუაციაზე ცალსახად პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია და სწორედ ამის შემდეგ სასამართლო უკვე იწყებს მსჯელობას კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით". 

რა დარღვევები დაადგინა სასამართლომ, ვრცლად ნახეთ აქ

კომენტარები