ეკონომიკა

გასულ წელს მთავრობამ დაგეგმილზე 176 მილიონი ლარით მეტი შიდა ვალი აიღო

ტაბულა

2020 წელს საქართველოს მთავრობამ თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 176 მილიონი ლარით მეტი შიდა ვალი აიღო. გასულ წელს მთავრობა 1.85 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავდა, თუმცა, ჯამურად შიდა ვალის მოცულობამ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია საუბარია.

ჯამურად გასულ წელს მთავრობამ 7.2 მილიარდი ლარის ახალი ვალდებულებები აიღო, აქედან 5.2 მილიარდი ლარი საგარეო ვალს წარმოადგენდა. საქართველოს წლევანდელი ბიუჯეტი რეკორდულ 18.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა. 

გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარ წყაროდ მთავრობას გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები წარმოუდგენია, თუმცა ამასთანავე დაგეგმილია დამატებით 5.3 მილიარდი ლარის ახალი საგარეო  ვალის აღება. 

აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს საქართველოს სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა ჯამურად მშპ-ს 60%-ს გადააჭარბებს, რაც თავისუფლების ეკონომიკური აქტით განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება. გარდა ამისა, მკვეთრად იზრდება საბიუჯეტო დეფიციტიც და მოსალოდნელია, რომ 7.5%-ს გადააჭარბებს. 

ბიუჯეტის მზარდი დეფიციტი დამატებით წნეხს ქმნის ლარის გაცვლით კურსზე.

კომენტარები