2008 წლის აგვისტოს ომი

რა ხდება სტრასბურგში გამარჯვების შემდეგ და რა დაეკისრება რუსეთს?

Reuters

12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში დააკისრა პასუხისმგებლობა. 

რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სასამართლომ კომპენსაციისა და სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა. სასამართლოს აზრით, ეს საკითხი არ არის მზად საბოლოო გადაწყვეტისთვის. 

რა დარღვევა დაუდგინა რუსეთს სასამართლომ? 

  • სასამართლომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია კონვენციის გაგებით და, შესაბამისად, რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა რუსეთის და მის კონტროლს ქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლს (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა), მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს - საკუთრების უფლება. 
  • დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ძალებმა ცხინვალში დაახლოებით 10 და 27 აგვისტოს შორის დააკავეს, ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. 
  • სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებთან მიმართებით. მათ მიმართ განხორციელდა დამამცირებელი მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია მათი ტანჯვა და, შესაბამისად, სასამართლომ ეს ქმედებები მიიჩნია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად.
  • სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავებით შეიქმნა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ პრაქტიკა.
  • სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ცხინვალში 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში ცხინვალის რეგიონის დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის მიზნებისთვის.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელდა წამება და ისინი იყვნენ წამების მსხვერპლნი. შესაბამისად, რუსეთი ქმნიდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ხელი შეუშალეს, დაბრუნებულიყვნენ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, მოექცნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) საწინააღმდეგოდ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ საკუთარ სახლებში დაბრუნება.

    საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში, ასევე ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვის) და მე-2 (განათლების უფლების) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) მუხლების დარღვევაში. 

    სარჩელი საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას. 

    სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. 

კომენტარები